კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოსთვის 2017 წელი წარმატებული აღმოჩნდა

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოსთვის 2017 წელი წარმატებული აღმოჩნდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კონიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას განცხადებით, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე 2017 წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

"მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე 2017 წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის. განსაკუთრებით გამოვყოფდი იმ უპრეცედენტო მხარდაჭერას, რომელიც საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მიიღო, როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მინიჭებას მივიჩნევ. არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგები, სადაც ცალსახად დააფიქსირეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ხელისუფლების მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები და აღიარეს საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერ ქვეყნად.

მინდა, ასევე, ხაზი გავუსვა აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც ასეთი ახლო ჯერ არასოდეს ყოფილა. ამაზე მეტყველებს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი საქართველოში და თანამშრომლობის გაღრმავება თითქმის ყველა მიმართულებით. ასევე, მინდა აღვნიშნო ჩვენი ამერიკელი მეგობრების ჩართულობით ანაკლიის ახალი პორტის პროექტი, რაც უდავოდ პირდაპირ აისახება საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე.

მსურს ყურადღება გავამახვილო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებაზე, რადგან წელს ჩვენ მივიღეთ პრაქტიკული შედეგები, რაც ინვესტიციების რეკორდული რაოდენობით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებით და სხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტებით დადასტურდა. ამის გარდა, წელს საქართველოში დაფიქსირდა ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს რომ მსოფლიოში საქართველოს ცნობადობა ყოველწლიურად იზრდება.

მომავალ წელს ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელებას, რომლის მიზანია ქვეყნის სწრაფი პროგრესი, სტაბილურობა და კეთილდღეობა ჩვენი ყოველი მოქალაქისთვის", - ნათქვამია ქაცარავას განცხადებაში.