"სოციალურად დაუცველებისთვის, შესაძლოა, ელექტროენერგიის სუბსიდირება მოხდეს"

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის განმარტებით, სოციალურად დაუცველთათვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. როგორც Bm.ge-ს მიქაუტაძე განუცხადა, ჯერ-ჯერობით უცნობია, დახარჯავს თუ არა მთავრობა დამატებით თანხას ამ მიმართულებით, ვიდრე ეს თბილისის 2018 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

"ჩვენი მოსახლეობისთვის კეთილდღეობის პირობების შექმნა, რა თქმა უნდა, მთავრობის უმთავრესი ამოცანაა. თავისთავად, ყოველდღიურად მიმდინარეობს ამ კუთხით მსჯელობა და მუშაობა. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხთან დაკავშირებით რაციონალური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ანუ შეიძლება, მოხდეს სოციალურად დაუცველთათვის შესაბამისი კომპენსაციების გაცემა, რომლითაც მოხდება აღნიშნული ზრდის დაბალანსება", - განაცხადა მიქაუტაძემ.

მინისტრის მოადგილე ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს იმ ვადებს, როცა სუბსიდირების დამატებით გამოყოფის შესახებ შეიძლება, გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

"კონკრეტულად ვადებზე გამიჭირდება პასუხის გაცემა, მაგრამ ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ბიუჯეტში მიმდინარე წელს კომუნალურ სუბსიდირებაზე განსაზღვრული იყო 10 მილიონ 850 ათასი ლარი, 2018 წელს კი შედარებით ნაკლები - 8 მილიონ 560 ათასი ლარია გათვალისწინებული.