ნიკოლოზ ნათენაძემ პარლამენტის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადასცა

ნიკოლოზ ნათენაძემ პარლამენტის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ნიკოლოზ ნათენაძემ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სტაჟირების დამადასტურებელი მოწმობა ორმოც ახალგაზრდას გადასცა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

პარლამენტის აპარატი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული დონის გაღრმავებისა და მათ მიერ პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით, სტაჟიორებისთვის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენის პირობებს უზრუნველყოფს. საქართველოს პარლამენტში სტაჟირების პრაქტიკას თითქმის ოცი წლის წინათ ჩაეყარა საფუძველი. ყოფილი სტაჟიორები დღეს უკვე წარმატებული სახელმწიფო და საჯარო მოხელეები არიან.

ნიკოლოზ ნათენაძის განცხადებით, ეს კარგი ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება და აპარატის ხელმძღვანელობა იზრუნებს, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და გარკვეულ წილად საეტაპო გახდეს ახალგაზრდების ცხოვრებაში.

კონკურსის შედეგად შერჩეულმა ორმოცმა ახალგაზრდამ, სამი თვის განმავლობაში გაიარა სტაჟირება პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში - დეპარტამენტებში, მანდატურის სამსახურში, საბიუჯეტო ოფისში, კომიტეტების აპარატებში და პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის აპარატში. სტაჟიორები აქტიურად იყვნენ ჩართული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაში.

სტაჟირების დასკვნით ეტაპზე ახალგაზრდებმა სამუშაო სპეციფიკის შესაბამისი თემები მოამზადეს. ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული. დღევანდელ ღონისძიებაზე გამარჯვებული სტაჟიორის მაკა ტოხიშვილის თემის პრეზენტაცია მოეწყო - „კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები აღმასრულებელ ხელისუფლებაში - ანუ როგორ ხდება ჩვენს მიერ მიღებული კანონების, დადგენილებებისა და განკარგულებების აღსრულება". მაკა სამი თვის განმავლობაში გადიოდა სტაჟირებას პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის აპარატში.

ახალგაზრდებს სტაჟირების წარმატებით დასრულება ასევე მიულოცა პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარინე ასათიანმა.

თავის მხრივ, სტაჟიორებმა მადლობა გადაუხადეს პარლამენტის ხელმძღვანელობას ამ შესაძლებლობისთვის და საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილებისთვის. ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ სტაჟირების პერიოდში, ხელმძღვანელების და რიგითი თანამშრომლების მხრიდან, ისინი დიდ მხარდაჭერას გრძნობდნენ.