რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია საერთაშორისო ორგანიზაციის World Vision Georgia-ს წარმომადგენლებს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია საერთაშორისო ორგანიზაციის World Vision Georgia-ს წარმომადგენლებს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ საერთაშორისო ორგანიზაციის World Vision Georgia-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე World Vision Georgia-ს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა - პროგრამების მენეჯერმა ეკა გურგენაძემ, ბავშვთა დაცვის ტექნიკური პროგრამის კოორდინატორმა ნონა ციხელაშვილმა, ახალგაზრდების გაძლიერების პროგრამის კოორდინატორმა ირაკლი გიორბელიძემ და  ბავშვის ადრეული განვითარების პროგრამის კოორდინატორმა, ცირა ბარქაიამ, კომიტეტის თავმჯდომარეს ორგანიზაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი შეეხო ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს ბავშვთა დაცვის, ახალგაზრდობის გაძლიერებისა და თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობის კუთხით, ადგილობრივ დონეზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ World Vision Georgia-ს საქართველოს ოფისი ქვეყნის ოთხ გეოგრაფიულ რეგიონში: იმერეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში და თბილისში ახორციელებს საქმიანობას. ორგანიზაციის რეგიონული პროექტები სამხარეო განვითარების პროგრამის სახელით არის ცნობილი.

შეხვედრაზე განიხილეს პროექტები, რომელსაც ორგანიზაცია სოციალურად დაუცველ, მოწყვლად ოჯახებთან მიმართებით ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტებზე ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით.

„ორგანიზაცია World Vision Georgia არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მსოფლიო ქსელი, რომელსაც აქვს წარმომადგენლობა საქართველოში რამდენიმე რეგიონში. განვიხილეთ საკითხები, რომელიც უკავშირდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე შინაარსობრივ ჩართულობას მუნიციპალიტეტის პოლიტიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდული პოლიტიკა და ამ პოლიტიკის ადგილზე ეფექტურად განხორციელება იმისთვის, რომ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰქონდეთ გზამკვლევი და პოლიტიკა იმისა, თუ როგორ დაკავდეს იმ მნიშვნელოვანი საკითხებით, რომელიც ახალგაზრდულ ასაკში ადამიანს განვითარებისთვის აინტერესებს. ეს დღევანდელი ფაქტორების და ფონის გათვალისწინებით არის ძალიან მნიშვნელოვანი",-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საკითხებს, რომელიც ქუჩაში მცხოვრები ბავშვების ბედს, მათ მდგომარეობას, დახმარებას და მხარდაჭერას უკავშირდება.

„ჩვენ აქტიური ურთიერთობა გვექნება ყველასთან, ვინც შეიძლება იყოს ჩვენი პოტენციური პარტნიორი იმ პოლიტიკის განხორციელებაში, რომელსაც ჩვენ შევიმუშავებთ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კუთხით. განვიხილეთ მთელი რიგი საკითხებისა, რომელთა მიმართ ყურადღება, როგორც კომიტეტის, ისე ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან არსებითად მნიშვნელოვანია. ვთვლი, რომ ამ ორგანიზაციასთან კომუნიკაცია იქნება მნიშვნელოვანი ჩვენი შემდგომი საქმიანობისთვის, ვაპირებთ უფრო მჭიდრო კონტაქტების და სამუშაო ფორმატის ჩამოყალიბებას და მაქვს იმედი, რომ ძალიან კონკრეტული შედეგები გვექნება",-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ორგანიზაციასთან სამომავლო თანამშრომლობა არა მარტო პრაქტიკულ ნაწილში, არამედ საკანონმდებლო კუთხითაც იგეგმება.