ჩემი თხოვნა იქნება თქვენს მიმართ, ყველა კამათს, მათ შორის ცხარეს, რაც აუცილებლად უნდა იყოს იმისთვის, რომ შევჯერდეთ რაღაცაზე, მათ შორის ძალიან კრიტიკულ საკითხებზეც კი, დაპირისპირებას ნუ დავარქმევთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ჯანდაცვის კომიტეტის წევრების დახურული, ხმაურიანი შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა.
მდინარაძემ დაადასტურა, რომ ცხარე კამათი იყო, მათ შორის ფორმალურ დეტალებთან დაკავშირებითაც კი, რადგან გუნდის წევრების ნაწილი წინააღმდეგია, რომ საკითხი ახლა იყოს განხილული. "ჩვენ უმრავლესობის შიგნით ბევრჯერ გავიარეთ ეს საკითხი, ასევე ბევრჯერ გავივლით და იქნება ცხარე კამათებიც, რადგან ერთის მხრივ ჩვენ არ უნდა დავაზიანოთ ჩვენი მომავალი თაობების ინტერესები და ამავე დროს ჩვენ უნდა ვაწარმოოთ სწორი პოლიტიკა. უნდა ვიმსჯელოთ და დარწმუნებული ვარ, მივალთ ოპტიმალურ პოზიციამდე", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
დეპუტატი კანონის მიღების შეფერხებას არ გამორიცხავს. "ამაზე გადაჭრით საუბარი ჯერჯერობით არ შემიძლია, მაგრამ მთავარია უმრავლესობის შიგნით მოვახერხოთ პოზიციების დაახლოება, რომ ვაწარმოოთ სწორი ნარკოპოლიტიკა. ვფიქრობ, ჩვენ უმრავლესობის შიგნით კონსენსუსს მივაღწევთ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ მომხმარებლების მიმართ ვიყოთ ლიბერალურები, მათ შორის განმეორების ამოღება შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსიდან მხოლოდ იმ ფონზე, როცა ჩვენ გავამკაცრებთ სანქციას, დამოკიდებულებას, აღსრულებას ნარკოგამსაღებლების მიმართ", - განაცხადა მდინარაძემ.