საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომა ავსტრიაში საქართველოს ელჩის კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრით დაიწყო.
პრემიერის შეფასებით, ზალდასტანიშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია, როგორც პირადად მისთვის, ისე ქართული დიპლომატიისა და მთელი ქვეყნისთის.
„მთავრობის სხდომა მინდა დავიწყო იმ ადამიანზე საუბრით, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის და ბევრისთვის ამ დარბაზში ახლო მეგობარიც იყო. ძალიან მიჭირს კოტე ზალდასტანიშვილზე წარსულ დროში საუბარი, სულ რამდენიმე დღის წინ გვქონდა ბოლო კომუნიკაცია. მართლაც გამორჩეული ქართველი, ჩვენი მეგობარი, ჩვენი დილომატიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი და ისეთი ადამიანი იყო, რომელიც ყველას გვეამაყებოდა. ძალიან მძიმეა ეს დანაკარგი. მე პირადად მისგან იმ მოკლე პერიოდში, როდესაც ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და სასარგებლო რჩევა მივიღე მისგან. მას განსაკუთრებით უხაროდა, როდესაც უზიარებდა თავის გამოცდილებას და გამოცდილება მას ძალიან მდიდარი ჰქონდა. იყო ყოველთვის იქ, სადაც საქართველოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველთვის გამორჩეულად იცავდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ძალიან მძიმე დანაკლისია ჩემთვის პირადად და მე ვიცი, რომ ყველა ჩვენგანისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა