„ისლამური სახელმწიფო“ ახალი წლის ღამეს ტერაქტების მოწყობით იმუქრება

„ისლამური სახელმწიფო“ ახალი წლის ღამეს ტერაქტების მოწყობით იმუქრება

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ახალი წლის ღამეს მორიგი ტერაქტების მოწყობით იმუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას დაჯგუფებასთან დაკავშირებული მედიაგამოცემები ავრცელებენ.

მედიაში გავრცელდა ფოტოპოსტერები, რომლებზეც ნიუ-იორკის თაიმს სკვერი და პარიზის ეიფელის კოშკი არის გამოსახული, წარწერებით „ძალიან მალე თქვენს დღესასწაულებზე“, „გილოცავთ ახალ სისხლიან წელიწადს... დაელოდეთ და ნახეთ, რა მოხდება“ და „შევხვდებით ერთმანეთს საახალწლო წვეულებაზე“.

„ისლამური სახელმწიფოს“ აფრიკულმა ქვედანაყოფმა, რომელიც სომალიშია ბაზირებული, გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც მოუწოდა მომხრეებს „გაერთიანდნენ და თავს დაესხან ყველას, ვინც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის“. ვიდეომიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ საახალწლო დღესასწაულები ავტომობილებისა და იარაღის გამოყენებით ტერაქტების მოწყობისთვის საუკეთესო პერიოდია, ვინაიდან კონკრეტულ ადგილებში დიდი რაოდენობით ხალხი იკრიბება.

„ისლამური სახელმწიფო“ მოვიდა, რომ დარჩეს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ მთელი მსოფლიო არ იცხოვრებს შარიათის წესებით. ჩვენ ვიბატონებთ ვაშინგტონიდან მოსკოვამდე, ევროპიდან ჩინეთამდე და ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს“, - ამბობს ვიდეოში ავტომატით შეიარაღებული ნიღბიანი პირი.