რამდენიმე დღის წინ ფრანგული გამოცემა „Le Monde” წარსულს დაუბრუნდა და ცნობილი მსახიობების, ალენ დელონისა და რომი შნაიდერის სიყვარულის ისტორია გაიხსენა. წელს შნაიდერის გარდაცვალებიდან 30 წელი სრულდება და ფრანგმა ჟურნალისტებმა ამ მშვენიერ ქალბატონს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
რომი შნაიდერი ოცი წლის ასაკში უკვე ვარსკვლავი იყო. 1958 წელს ის პარიზში ფილმ „ქრისტინას“ გადაღებებზე ჩავიდა. მისი პარტნიორი იმ დროისათვის ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი ალენ დელონი გახლდათ. ქალმა როლისთვის 75 მილიონი ფრანკი მიიღო, დელონმა კი - 300 ათასი.
წყვილი ერთმანეთისგან აშკარად განსხვავდებოდა. რომი - არისტოკრატი, პურიტანელი, კათოლიკურ სკოლაში გაზრდილი, ალენი კი, ბავშვობიდან, მისი მამინაცვალივით, ყასბობაზე მეოცნებე.
ალენისა და რომის ნიშნობაზე არა მხოლოდ მთელი პარიზის ბომონდი, არამედ წამყვანი გამოცემების ჟურნალისტებიც იყვნენ მიწვეულნი.
ვარსკვლავური წყვილი მუდამ მას-მედიის განსაკუთრებული თვალთახედვის არეში იმყოფებოდა. მათი ცხოვრების წვრილმანები გაზეთების პირველ გვერდებზე ქვეყნდებოდა.
მათი ურთერთობა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. რომის დედა, მაგდა შნაიდერი იხსენებდა: „ალენი ჩემს გოგონას როგორც უნდოდა ისე ექცეოდა. ერთ წუთში რომ კოცნიდა, მეორე წუთს დაუნდობლად სცემდა...“
დანიშნულები ერთმანეთს ხუთი წლის შემდეგ დაშორდნენ. ამ ნაბიჯმა ქალი უმძიმეს დეპრესიაში ჩააგდო. ის ანტიდეპრესანტებს მუდმივად იღებდა და მხოლოდ მაშინ გამოცოცხლდა, როდესაც ალენ დელონმა 1969 წელს ფილმ „აუზის“ გადასაღებად მიიწვია. თავის დაუხარჯავ სიყვარულს რომი ეკრანზე ასხივებდა.
რომი შნაიდერი 44 წლის ასაკსი, 1982 წელს გარდაიცვალა. მის დასაფლავებაზე ალენ დელონმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „მშვიდობით, ჩემო კარგო! ვარ თუ არა დამნაშავე შენს სიკვდილში - დიახ, ჩემს გამო გაგიჩერდა გული“.