გიორგი კვირიკაშვილი - მინდა, 2018 წელი დიალოგის წლად გამოვაცხადო

გიორგი კვირიკაშვილი - მინდა, 2018 წელი დიალოგის წლად გამოვაცხადო

მინდა, 2018 წელი საყოველთაო ჩართულობის და დიალოგის წლად გამოვაცხადო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

ამ კონტექსტში კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელი იქნება ცივილიზებული დიალოგი პოლიტიკურ პარტიებთან.

”განხორცილებული და განსახორცილებელი რეფორმების შესახებ ჩვენ გვაქვს დიალოგის პლატფორმა ბიზნესსაზოგადოებასთან, სამეწარმო წრეებთან. უახლოეს მომავალში ანალოგიური პლატფორმა შეიქმნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. დიდი იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება ცივილიზებული დიალოგი შედგეს პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენ შევქმენით პორტალი ichange.gov.ge, რომლის მეშვეობით 10 ათასი ხელმოწერის დაფიქსირების შემთხვევაში, გვექნება ვალდებულება განვიხილოთ მოქალაქეების ინიციატივა. მინდა, 2018 წელი საყოველთაო ჩართულობის და დიალოგის წლად გამოვაცხადო. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, გავაფართოვოთ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლების წრე, რომლებთანაც შესაძლებელი იქნება ცივილიზებული დიალოგი, კრიტიკის მოსმენაც, ძალიან ბევრი წინადადების გათვალისწინება - მეტი ჩართულობა იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს საკუთარი თავი ქვეყნის განვითარების პროცესის მონაწილედ”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

მისივე თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის ამ მიმართლებით ჩართულობა.

”მაქვს თხოვნა, შევიმუშავოთ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ განვახორციელოთ ეს ნაბიჯები თქვენთან ერთად”, - მიმართა კვირიკაშვილმა დეპუტატებს.

კვირიკაშვილი პარლამენტს სამთავრობო პროგრამას ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020” აცნობს.