"ბიუჯეტი არის მზარდი, ეს არის დაბალანსებული ბიუჯეტი, ასევე ითვალისწინებს რეალობას და იმ მიღწევებს, რაც ქვეყანას აქვს"

„დღეს ძალიან საინტერესო ანგარიში და პრეზენტაცია მოვისმინეთ, რომელიც ახალმა მინისტრმა ბატონმა მამუკა ბახტაძემ წარმოადგინა. მე მინდა წინასწარ მადლობა გადავუხადო მას ასევე, ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს რომელმაც იმუშავა ბიუჯეტის დოკუმენტზე და რაც მთავარია სამინისტროს მთელ გუნდს იმ აქტიური კონსულტაციებისთვის, რაც იყო პარლამენტისთვის სხვადასხვა ფორმატში.

ბიუჯეტი არის მზარდი, ეს არის დაბალანსებული ბიუჯეტი, ასევე ითვალისწინებს რეალობას და იმ მიღწევებს, რაც ქვეყანას აქვს. რაც მთავარია, ეს ბიუჯეტი არის ორიენტირებული მომავალზე და განვითარების ისეთ ტემპებზე, რომელიც რეგიონში საქართველოს მოწინავე ქვეყნის პოზიციაში დატოვებს კვლავ. ჩვენ ვალდებულნი ვართ, მოსახლეობას, საზოგადოებას ძალიან უბრალო    ენით ვუთხრათ თუ რას მოხმარდება ის ზრდა, რომელიც 2018 წლის ბიუჯეტში არის ჩადებული. როგორც იცით ბიუჯეტი 2018 წელს განისაზღვრება უკვე 12 მლრდ 459 მლნ ლარით, რაც 739 მლნ ლარით მეტია 2017 წლის ბიუჯეტის გეგმაზე. რა იქნება ის მიმართულებები, რომელიც დამატებით დაფინანსდება 2018 წელს? რატომ ვამბობთ ჩვენ, რომ ეს ზრდა არის სწორედ ხალხის და იმ საჯარო საჭიროებებისკენ მი მართული, რომელიც თითოეულ ადამიანს ქალაქსა თუ სოფელში აწუხებს.  1. მნიშვნელოვანი იქნება მომავალი წლის ინვესტიციები და ზრდა რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურ ცხოვრებაში სარგებლობენ.  დამატებითი თანხები მოხმარდება წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და ყველა მაჟორიტარმა, რომელიც დღეს არის პარლამენტში კარგად იცის, რომ რეგიონებში სწორედ წყლის ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. ბევრგან რჩება პრობლემა და სწორედ 2018 წლის ბიუჯეტი ამ პრობლემის მოგვარებაზე არის ორიენტირებული. ეს ფული მოხმარდება უფასო მედიკამენტების პროგრამას და 10 მლნ ლარი არის ამისთვის გამოყოფილი,  ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის 2018 წლიდან   სახელმწიფო დააფინანსებს მედიკამენტებს. ეს გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება სოციალური დაცვის პროგრამებს, მათ დამატებით დაფინანსებას,  ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და გაუმჯობესებას, ენერგეტიკულ პროექტებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი წლის ბიუჯეტში გაზრდილი არის თანხები   გაზიფიცირებისთვის, რაც ნიშნავს რომ უფრო სწრაფად და უფრო მეტ ოჯახს მიეწოდება მომავალი წლის განმავლობაში გაზი.

მნიშვნელოვანია ასევე, ვთქვათ ერთი ძირითადი პრინციპი, რომელზეც ვფიქრობ, რომ ჩვენმა გუნდმა სწორედ ამით იხელმძღვანელა როდესაც სამ მნიშვნელოვან სფეროში გააკეთა ბიუჯეტის ზრდა ეს არის - ინფრასტრუქტურა, სადაც 527 მლნ-ით იზრდება ბიუჯეტი 2018 წელს, ეს არის ჯანდაცვა, სადაც 112 მლნ. ლარით იზრდება ბიუჯეტი და ეს არის განათლება, სადაც 66 მლნ ლარით იზრდება ბიუჯეტი. რა აკავშირებს ამ სამ მიმართულებას ერთმანეთთან?  სამივე მიმართულება უკავშირდება მოსახლეობის კეთილდღეობას და ახალ სამუშაო ადგილებს. კიდევ ერთხელ ვამბობ - ეს არის ეკონომიკა, და კეთილდღეობა, რომელიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის პროგრამის და წინასაარჩევნო დაპირებების ცენტრალური გზავნილი იყო.

მინდა გამოვეხმაურო პოლიტიკურ შეფასებებს, რომელიც აქ კოლეგებმა გააკეთეს.

არნახული ბიუროკრატიაო ერთ-ერთი ოპოზიციის წევრი საუბრობდა. მე მგონი თქვენ ან რიცხვების წაკითხვა არ შეგიძლიათ ან ერთი დაზეპირებული მესიჯი გაქვთ წამოღებული თბილისიდან და მაგას ლაპარაკობთ ყოველ სესიაზე. ფინანსთა მინისტრმა გარკვევით თქვა, რომ ადმინისტრაციული ხარჯი მცირდება.

წელს მოხდა სერიოზული ეკონომია ამ მიმართულებით, 100 მლნ ლარზე მეტი არის დანაზოგი ადმინისტრაციულ ხარჯებში, და მომავალ წელსაც არის ამბიცია იმის, რომ ადმინისტრაციული ხარჯები კიდევ უფრო მეტად დაიზოგოს. ეს არის ის არნახული ბიუროკრატია, რომელზეც თქვენ საუბრობდით. მართალია, თქვენთვის ეს არის ნამდვილად არნახული იმიტომ, რომ თქვენს პერიოდში წარმოუდგენელი იყო წლიდან წლამდე ხელისუფლებას თვითონ შეემცირებინა ამ მასშტაბით ადმინისტრაციული ხარჯი. მეორე, ბატონო სერგო, თქვენ უკვე ევროპულ საქართველოს წარმოადგენთ თუ საბჭოთა საქართველოს, ვეღარ გავიგე. იმიტომ, რომ ყოველ სესიაზე ყვებით საბჭოთა ანეკდოტებს. იქნებ ჩამოყალიბდეთ, რომელ პოლიტიკურ პარტიას მიეკუთვნებით. რაც შეეხება ბატონ ზურაბს, ფისკალური რისკების დოკუმენტებზე საუბრობდით და მერე გამოხატეთ უკმაყოფილება, რომ ფისკალური რისკების დოკუმენტში რისკებზე არის საუბარი და ეს როგორ შეიძლებაო. დიახ, ფისკალური რისკების დოკუმენტი არის და რისკები არის მასში აღწერილი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თქვენი გუნდისთვის, რისკებზე ამ შემთხვევაში, თვითონ ჩვენ ვსაუბრობთ. ეს მიუთითებს გამჭვირვალობაზე და ჩვენი ხელისუფლების გახსნილ მმართველობაზე. იცით, რომ ამ მიმართულებით საქართველოს აქვს სერიოზული წარმატებები და მთელი მსოფლიო რისკების მართვას ახორციელებს და მე მგონი, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ საქართველოც, რომელიც უკვე ევროკავშირთან ასე ახლოს არის, რისკების მართვაზე მეტ აქცენტებს აკეთებს.

აქ იყო კიდევ ბატონი კაკო, რომელმაც დატოვა დარბაზი, ბატონმა კაკომ შემოგვთავაზა, რომ ბატონი ბიძინას ბიზნესი დავათვალიეროთო. ბატონო კაკო, სხვის ბიზნესებს რომ ათვალიერებდით, იმიტომ ხართ დღეს ოპოზიციაში, იმიტომ გაგიშვათ ხალხმა სახლში და იქნებ ახლა მაინც გაიაზროთ, რომ სხვისი ბიზნესის თვალიერება, სხვისი საკუთრების ხელყოფა არის დარღვევა იმ ძირითადი პრინციპების, რომელიც დემოკრატიას და თანამედროვე სახელმწიფოს სჭირდება.  ახლა, მოდი ვნახოთ, რა პირობებში ხდება ამ ბიუჯეტის ფორმირება. ჩვენ აუცილებლად უნდა ვნახოთ კონტექსტი, თუ რას მიაღწია საქართველომ და რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა მომავალში. მხოლოდ ეს და ამის გააზრება გვაძლევს პასუხს იმ კითხვებზე, თუ რატომ მოხდა ზუსტად ასეთი ბიუჯეტის ფორმირება.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - 18 %-ით არის გაზრდილი და 1,3 მილიარდია. ადმინისტრაციული ხარჯები შეამცირა მთავრობამ 140 მილიონი ლარით. მიმდინარე ხარჯები მომდევნო წლისთვის ერთნახევარი %-ით არის შემცირებული მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ექსპორტი არის გაზრდილი 29%-ზე მეტით და ნუ გგონიათ, რომ ეს თქვენი ოპოზიციური კომენტარების დამსახურებაა. ეს არის იმ რეფორმების და იმ საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს. ტურიზმი არის მინიმუმ 2-ჯერ გაზრდილი, 7 მილიონი ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში წლის განმავლობაში და 2, 8 მილიარდია შემოსავალი, აქედან ქვეყანამ რაც მიიღო და თუ 7 მილიონი ადამიანი შემომივიდა საქართველოში, თუ ყველა ვეთანხმებით ამ რიცხვს და იცით, რომ ეს არის დამოუკიდებელი შეფასებების მიღებული მაჩვენებელი, მაშინ რა გალაპარაკებთ, რომ ქვეყანაში ყველაფერი უკან წავიდა, თქვენი შეფასებებით, ქვეყანაში უსაფრთხოების დონე დაეცა, თქვენი შეფასებებით, ინვესტიციები და ეკონომიკა აღარ ვითარდება, საქართველოს ხელისუფლებას აქვს პრობლემები, შუქი ჩამქრალია, ფერები არის მუქი, ამას ლაპარაკობთ თქვენ, მაგრამ მეორე  მხარეს, იქნებ იმ 7 მილიონ ადამიანს გამოელაპარაკოთ სადმე დახვდეთ ტურისტულ მიმართულებებზე და კითხოთ, თუ ქვეყანა უკან-უკან მიდის, რატომ ჩამოდის ამდენი ადამიანი და რატომ ჩამოდის მეტი სტუმარი საქართველოში. ამას მაინც შეხედეთ და იქნებ ლოგიკით უპასუხოთ, ქვეყანა როგორ ვითარდება და როგორ აისახება ეს ტურიზმის მაჩვენებლებზე. რეინვესტირების მაჩვენებელი გვაქვს 85%-ით გაზრდილი - 591 მილიონი ლარით მეტი. თქვენ არ იყავით, დეკემბერში, აქ რომ ვამტკიცებდით ამ რეფორმას, ლაპარაკობდით, რომ ეს არის დრაკონული და გაუაზრებელი ცვლილებები და ქვეყანას უფსკრულში შეიყვანსო. დღესაც სულ უფსკრულზე ლაპარაკობდით. აგერ არის, გაიხსენეთ, ამოიღეთ თქვენი შეფასებები და ნახეთ.  ამ რეფორმამ კონკრეტული შედეგები მოგვცა. 360 მილიონზე მეტი ჩაუტოვა კერძო ბიზნესს განვითარებისა და გაფართოებისთვის.

ეს არის ახალი სამუშაო ადგილები, ახალი პროდუქცია და მეტი ექსპორტი.  ჩვენი მმართველობის პერიოდში ბიზნესში არის დასაქმებული 133 ათასი ადამიანით მეტი. ხელი აქვს  მოწერილი თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებებს და ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს აქვს სერიოზული გაუმჯობესება. ასევე, ყველაზე სანდო საერთაშორისო რეიტინგებში - იქნება ეს   გადასახადის ეფექტი ინვესტიციებზე, ბიზნესის კეთების რეიტინგი, მაკროეკონომიკური გარემო, კორუფციისგან თავისუფლება, ასევე საერთაშორისო რეიტინგები, როგორიც არის  - Standard and Poor`s  Moody`s და  Fitch.

ყველგან საქართველოს აქვს უკეთესი შეფასებები ვიდრე ეს იყო 2012 წელს და მანამდე. ეს არის ის მონაცემები და ობიექტური რეალობა, რასაც ეფუძნება ახალი ბიუჯეტი".