„ვიხილავთ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს. ცოტა ხნის წინ სესიაზე იხილებოდა იგივე ბიუჯეტი, სადაც მე დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია და ვთქვი, რომ ფინანსური და ეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით ეს ბიუჯეტი საუკეთესოა, რაც კი მთავრობას შემოუტანია პარლამენტში. ახლა შემოვიდა გადამუშავებული ვარიანტი და მასში ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაუმჯობესებულია, მხედველობაში მაქვს ეკონომიკური და ფინანსური პარამეტრები.
ჩვენ რა თქმა უნდა ყველას გვინდა, რომ მეტი თანხა იყოს გამოყოფილი სხვადასხვა მიმართულებით - მაჟორიტარებს რეგიონებში სოციალური, კულტურული, სპორტული, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ბიუჯეტი უნდა იყოს დაბალანსებული. თუ ჩვენ ავყევით ემოციებს და ხარჯები გავზარდეთ შემოსავლებზე მეტი, ამან შეიძლება მთლიანდ დაანგრიოს ბიუჯეტი, როგორც ეს 90-იან წლებში იყო.
დღეს აქ ძალიან კარგად გამოვიდა ბატონი მამუკა, გულწრფელად ვამბობ და მე არ ვაპირებ ამის გამეორებას, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ახსნა ყველაფერი მოხსენებაში და შემდეგ კითხვებშიც. მე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო იმაზე, თუ რატომ ვთვლი, რომ საუკეთესო ბიუჯეტია პარამეტრების მიხედვით და შემდეგ რამდენიმე გამოსვლას მინდა გამოვეხმაურო.
საერთოდ ბიუჯეტს აქვს თავისი სტანდარტები და მე ვთვლი, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი საუკეთესოა. ეს სტანდარტები გაწერილია როგორც ჩვენს კანონმდებლობაში, მაგალითად 2011 წელს წინა მთავრობამ მიიღო ეკონომიკური თავისუფლების აქტი, სადაც წერია როგორი უნდა იყოს ბიუჯეტი. ასევე არის ევროპის სტანდარტები, სადაც წერია როგორი უნდა იყოს ბიუჯეტის მაჩვენებლები. მივყვეთ: მთავარი მაჩვენებელი - ბიუჯეტის დეფიციტი. ბიუჯეტის დეფიციტი არის 3%, ეს აშკარად ნაკლებია იმაზე, რაც ქართული კანონმდებლობით არის და ნორმაშია ევროპულ კანონმდებლობასთან. მიტ უმეტეს თუ შევადარებთ - ახლა 3%-ია და თუ გავიხსენებთ, რომ 2010-2011 წლებში 9% იყო, ანუ სამჯერ მეტი, გასაგებია, რატომ ვამბობ, რომ ძალიან კარგი ბიუჯეტია.
ავიღოთ ინფლაცია - ვერავინ დამისახელებს რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ინფლაცია დაგეგმილი იყო 3,5. იგივე 2010-2011 წლებში 14-ზე ადიოდა. სახელმწიფო ვალები - იგი ნორმა არის როგორც ქართული, ასევე ევროპული კანონმდებლობით 60%. ჩვენს შემთხვევაში გვაქვს 43,2%, წინა მოსმენაზე იყო 44,9 და შეამცირეს 1, 7-ით, ანუ გაუმჯობესდა - უფრო ნაკლებია.
იგივე სახელმწიფო ბანკის რეზერვები - დაგეგმილია ავიდეს 3 მლრდ 400 მლნ-ზე, არც ეს ყოფილა ასეთი რაოდენობით, თვითონ განსაზღვრეთ, ეს გარანტიაა, რომ სტაბილურობა იყოს ქვეყანაში. ასევე ინვესტიციები - როგორც შიდა, ისე გარე 2018 წელში იზრდება მილიარდ 600 მილიონით. ანუ ეს ნიშნავს განვითარება ხდება და ეკონომიკაში მეტი თანხები იდება.
ამიტომ ვთვლი, რომ ეს ბიუჯეტი ეკონომიკური პარამეტრებით უკეთესია, ვიდრე სხვა ბიუჯეტები.
ბოლოს მინდა ვთქვა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით -დაგეგმილია 4,5. მე მაისშიც ვთქვი, წინა გამოსვლაზეც და ახლაც ვამბობ- ეს არ არის ძალიან ცოტა და დარწმუნებული ვარ მომდევნო წელს, ზაფხულისთვის დაახლოებით 6%-ზე გავალთ. ამის ბევრი მიზეზია, მათ შორის ისიც, რომ დასტაბილურდა რეგიონი, იწყება დიდი პროექტები, მხედველობაში მაქვს კერძო პროექტები, იწყება ინფრასტრუქტურული პროექტები, და თავისუფალ ვაჭრობას შეემეტა ჩინეთის ეკონომიკა - ქვეყანა ჩინეთი.
ახლა იმ საკითხებს რომლებზეც ოპოზიცია საუბრობს - ითქვა, რომ ბიუჯეტი არ არის დაბალანსებული, შეკრული, ზეწოლა იქნება ინფლაციაზე, ლარზე -ამაზე ჩვენ ვერასოდეს ვერ ვთანხმდებით, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენსას ვმბობთ, ოპოზიცია - თავისას. მე გთავაზობთ ასეთ რამეს - როგორ შეიძლება ეს გავარკვიოთ. მე უკვე ვთქვი პირველ რიგში რა არის ის პარამეტრი რომელიც საქართველოში და ევროპაში საუკეთესოდ ითვლება - ამას ჩვენ ვაკმაყოფილებთ. კი ბატონო, ოპოზიცია არ გვეთანხმება, როგორ დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ სწორი. ამისთვის მაშინ უნდა მოვიყვანოთ ექსპერტი, არბიტრი. უფრო მეტი ექსპერტი, როგორიც სავალუტო ფონდია, მე არ ვიცი და მე მგონია ვერც ვერავინ იტყვის, იმიტომ, რომ მათ ყველა ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა და ათეული წელია სწავლობენ ყველა ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობას. სავალუტო ფონდი ამბობს, რომ ამ მიმართულებით ყველაფერი ნორმალურად არის. კიდევაც გააფორმა ხელშეკრულება და მოგვყვება იმ 4-პუნქტიან გეგმაზე, რომელიც მთავრობას აქვს დაგეგმილი. ერთი წელი გავიდა, 6 დეკემბერს მორჩნენ კიდევ ერთ შეთანხმებაზე საუბარს და როგორც აქ ითქვა საბჭოზე განხილვის გარეშეც დაამტკიცეს რომ ასეთი პარამეტრები არის შემოთავაზებული. ამის შემდეგ რა უნდა ვთქვათ: რამდენიმე დეპუტატი ამბობს რომ არ ვარგა, კანონმდებლობა, სავალუტო ფონდი ამბობს რომ ვარგა, ეს ახლა მსმენელმა განსაზღვროს რომელია სწორი.
პრემიებზე და დანამატებზე - 12,5 მლრდ-იან ბიუჯეტში ყოველთვის შეიძლება ვიპოვოთ რაღაც არასწორი, როგორც დანაშაული არ შეიძლება აღმოიფხვრას ბოლომდე, ისე ყველაფერი იდეალური ვერ იქნება ბიუჯეტში. ზოგად ციფრს ვიტყვი 2011 წელში მილიარდი იყო ხელფასი და აქედან 401 მლნ იყო პრემია- დანამატი, ანუ 40 %. 2016-ში მილიარდ 400მლნ იყო, აქედან 22% არის პრემია დანამატი. მოკლებულია როგორც ნომინალში, ისე პროცენტულად.
რაც შეეხება ხარჯების შემცირებას, ლაპარაკია ხელფასები შემცირდესო. მაშინ რად გვინდა ეკონომიკური ზრდა. ყველაფრის იდეა ის არის, რომ ხელფასები და პენსიები გაიზარდოს, უბრალოდ შეფარდება უნდა იყოს, რას გამოიმუშავებს ქვეყანა და მისი წილი რამდენია ეს ხელფასები. იყო მიმდინარე ხარჯები 25,8, ჩამოვიდა 25,4-ზე, კიდევ მოიკლებს ამ წლის განმავლობაში და ჩამოვა 21-ზე, ამის მაკონტროლებელი იქნება სავალუტო ფონდი.
2017 წელი, ჩემი აზრით იყო გარდამტეხი, 2018 წლიდან დაიწყება ეკონომიკის აღმავლობა და დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულის შუა თვეებში ჩვენ, ჩემს აზრს მოგახსენებთ, მერე მთავრობას რომ არ დაბრალდეს, დაახლოებით 6%-ზე გავალთ, ამის ყველანაირი პირობა არის".