საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბოიკოტი პარადოქსულობის ყოველგვარ ზღვარს მიღმაა

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბოიკოტი პარადოქსულობის ყოველგვარ ზღვარს მიღმაა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბოიკოტი პარადოქსულობის ყოველგვარ ზღვარს მიღმაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„დღეს ჩვენ პირველი მოსმენით ვიწყებთ განხილვას კონსტიტუციაში იმ ცვლილებების, რომელიც იყო რეკომენდებული ვენეციის კომისის მიერ, რომელზეც პრაქტიკულად იყო კონსენსუსი მიღწეული. ამ ფონზე მე ვფიქრობ, პარადოქსულობის ხარისხი ოპოზიციის განცხადებების ყოველგვარ ზღვარს მიღმაა, გამომდინარე იქედან, რომ ისინი თავად ეთანხმებოდნენ თავის დროზე ამ ცვლილებებს, დღეს კი აცხადებენ, რომ არ უჭერენ მხარს. ამიტომ, ლოგიკას მოკლებულია მათი განცხადებები“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე შეფასებით, საქართველოს ამ ცვლილებებით ექნება კონსტიტუცია, რომელიც არის ეროვნულ ღირებულებებსა და ქვეყნის გრძელვადიან დეკრატიულ განვითარებაზე ორიენტირებული.

რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტის არჩევის წესს, დეპუტატის განმარტებით, ეს წესი დარჩება ისე, როგორც კონსტიტუციის უკვე მიღებულ რედაქციაშია.

„პრეზიდენტის არჩევის წესს რაც შეეხება, დარჩება ისე, როგორ არის მიღებულ რედაქციაში. მართალია, იყო მსჯელობა, რომ გარკვეულ იურიდიულ ხარვეზებს შეიცავს კოლეგიის არსებობა, თუმცა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი ხარვეზი, რომ უარი ვთქვათ ამაზე. გამომდინარე აქედან, მე ვფიქრობ არის სწორი გადაწყვეტილება, რომ 2024 წლიდან პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს. დაზუსტდება მხოლოდ ტერმინი „ხმოსანი“, რომელიც შეიცვლება საარჩევნო კოლეგიით,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.