დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება და ტერორისტების სიკვდილით დასჯა კიდევ ერთხელ მოითხოვა

დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება და ტერორისტების სიკვდილით დასჯა კიდევ ერთხელ მოითხოვა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმირებისკენ მოუწოდა. „ბოლო ორი თვის განმავლობაში ნიუ-იორკში მომხდარმა მეორე ტერაქტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმის აუცილებლობას, რომ კონგრესმა ამერიკელი ხალხის დასაცავად საკანონმდებლო რეფორმები გაატაროს“, - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

მისი თქმით, აშშ-ს „სუსტი საიმიგრაციო სისტემის წყალობით ქვეყანაში უამრავი სახიფათო, არაადეკვატური პირი ხვდება“. 

ტრამპმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ტერაქტის საქმეზე ეჭვმიტანილი აშშ-ში ოჯახური მიგრაციის პროგრამით მოხვდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ტერორისტების სიკვდილით დასჯა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

გუშინ მანჰეტენზე მომხდარ ტერაქტში ბანგლადეშის 27 წლის მკვიდრი აქაიედ ულა არის ეჭვმიტანილი. ის ახლა საავადმყოფოში, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. გამოძიების ვერსიით, სწორედ მან მოიყვანა მოქმედებაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ნიუ-იორკის ავტოსადგურთან. აფეთქების შედეგად ოთხი პირი დაშავდა, მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.