მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტმა, ლიდერობის მეორე აკადემიის ფარგლებში, 1872 სკოლის დირექტორისთვის, ფასილიტატორებისა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებისთვის თანასწორობის საკითხებზე ტრენინგები დაიწყო.
ტრენინგმოდული მიზნად ისახავს, მონაწილეებმა გააცნობიერონ STEM საგნების სწავლებასთან დაკავშირებული გენდერული და სოციალური ბარიერები და არსებული სტერეოტიპები. მონაწილეებმა უნდა შეძლონ ამ უთანასწორობის გამომწვევი მიზეზების ახსნა და შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება მათი აღმოფხვრისა და პრევენციისთვის. ტრენინგმოდულის ნაწილი, ასევე, ეთმობა სკოლაში ინკლუზიური გარემოში შექმნის საკითხებს. მონაწილეებმა უნდა შეძლონ სკოლაში ინკლუზიური გარემოს გასაძლიერებლად მონიტორინგის მექანიზმის შექმნა და უზრუნველყონ თანასწორი პირობები სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მოსწავლეებისათვის.
ტრენინგები მონაწილეებს დაეხმარება შეძლონ საკუთარი სკოლების დიაგნოსტირება გენდერული და სოციალური თანასწორობის კუთხით; სკოლაში არსებული უთანასწორობის პრობლემის იდენტიფიცირება და ხელისშემშლელი მიზეზების გაანალიზება; სკოლაში თანასწორობის საკითხებზე საპრევენციო სამუშაო გეგმის შედგენა; სკოლის ინკლუზიური გარემოს დიაგნოსტირებისათვის კრიტერიუმების შექმნა და თვითშეფასება; სკოლაში ინკლუზიური გარემოს შექმნისას წარმოშობილი ბარიერების იდენტიფიცირება და გაანალიზება; სწავლა-სწავლების პროცესის ალტერნატიული გზების შემუშავება და ახალი სტრატეგიების შექმნა; მოწყვლადი ჯგუფებისადმი დამოკიდებულებებისა და ქცევის მოდელის შემუშავება; სკოლის მულტიკულტურულ საზოგადოებაში პოზიტიური ინტერაქციისათვის მშვიდობიანი თანარსებობის მექანიზმის განსაზღვრა; გოგონათა ხარისხიანი განათლების მისაღებად, STEM საგნებში, ხელოვნური და ბუნებრივი ბარიერების გაანალიზებას და გადაჭრის გზის განსაზღვრა; გენდერული და სოციალური თანასწორობისათვის სახელმძღვანელოების შერჩევის კრიტერიუმების შედგენა და სკოლის მრავალფეროვან ჯგუფებთან თანამშრომლობის მოდელის შექმნა.
ლიდერობის აკადემია სამი დონისაგან შედგება და წარმოადგენს გრძელვადიანი ტრენინგ-მოდულების ერთობლიობას, რომელიც 2016 წლის აგვისტოს თვიდან დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაგრძელდება. პროგრამაში ყველა საჯარო სკოლის დირექტორია ჩართული. აკადემიის თითოეული დონის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.