ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯებრან ბასილმა არაბულ ქვეყნებს მოუწოდა, აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები შემოიღონ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.
„აშშ-ს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ პრევენციული ზომები უნდა იქნას მიღებული. დაწყებული დიპლომატიური ღონისძიებებიდან და დამთავრებული პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური სანქციებით“, - განაცხადა ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაბთა სახელმწიფოების ლიგის საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
6 დეკემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და განკარგულება გასცა ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე. აღნიშნულმა აღშფოთება გამოიწვია არაბულ ქვეყნებში.