მიხეილ სააკაშვილის პარტია, კიევში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების სამსახურს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

მიხეილ სააკაშვილის პარტია, კიევში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების სამსახურს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. 

„ხალხს მოკლე ტექსტური შეტყობინება მისდის, რომ დღევანდელი აქცია 15:00 საათზე შედგება, რაც სიცრუეა. მარში 12:00 საათზე დაიწყება. ვიკრიბებით ტარას შევჩენკოს პარკში“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში. 

დღეს, კიევში პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით აქცია გაიმართება, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მეორედ დაკავებამდე იყო დაანონსებული. 

გუშინ, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განცხადება გავრცელდა, რომელშიც ის თავის მხარდამჭერებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.