პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერმა ისმაილ ხანიამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესს ბოლო მოეღო. ამის შესახებ ტელეარხი Al Jazeera იუწყება.
„აშშ-ს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ სამშვიდობო პროცესი მოკლა, ბოლო მოუღო ოსლოს შეთანხმებებს და კონფლიქტის დარეგულირების პროცესი შეუძლებელი გახადა“, - განაცხადა ისმაილ ხანიამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით მან პალესტინელ ხალხს ისრაელის წინააღმდეგ ახალი აჯანყებისკენ („ინტიფადა“) მოუწოდა.
„ჩვენ მოვუწოდებთ პალესტინის თავისუფალ ხალხს პარასკევს „მრისხანების დღეზე“ გამოვიდნენ და ახალი ინტიფადას დაწყება გამოაცხადონ. ხვალ ჩვენი ხალხის აჯანყება დაიწყება ოკუპაციის წინააღმდეგ და დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ჩვენი წმინდა მიწის გათავისუფლებით დასრულდება. ერთიანი იერუსალიმი მთლიანად პალესტინის დედაქალაქია. „ჰამასის“ ყველა დანაყოფებისთვის ბრძანებაა გაცემული, რომ ნებისმიერი საფრთხე მოიგერიონ“, - დასძინა მან.
გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.