ვატო შაქარიშვილი: სააკაშვილი რუსეთს მოჩვენებითად ებრძვის

ვატო შაქარიშვილი: სააკაშვილი რუსეთს მოჩვენებითად ებრძვის

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატის ვატო შაქარიშვილის თქმით, უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა მთელი რიგი მტკიცებულებები წარმოადგინეს, რომლითაც სააკაშვილის რუსეთთან კავშირი დასტურდება.

დეპუტატის თქმით, ეს საქართველოს ექსპრეზიდენტის პოლიტიკური გროტესკის დასასრულია.

"სააკაშვილის პოლიტიკური გროტესკის კიდევ ერთი დასასრული ვნახეთ, როდესაც მას პროდასავლური ნიღაბი კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს. მართალია, ჩვენი ქართული საზოგადოებისთვის სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს, თუმცა, მნიშვნელოვანია რომ უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა წარმოადგინეს მთელი რიგი მტკიცებულებების, რომლებითაც დასტურდება ძალიან ახლო კავშირი რუსეთთან. იმ ადამიანებთან ვინც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებიან. უსამშობლო პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელია" , - აცხადებს შაქარიშვილი.

თბილისის საკრებულოს დეპუტატის თქმით, სააკაშვილი ყოველთვის მზად არის მტერს გაურიგდეს და მისი თამაში ითამაშოს, რაც მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც ნათლად გამოჩნდა.

"ის ყოველთვის მზად იყო და მზად არის რომ პირადი ინტერესების ვიწრო პოლიტიკური თუ მერკანტილური ინტერესებისთვის ითანამშრომლოს, გაურიგდეს მტერს. ამის ძალიან მწარე მაგალითი ჩვენთვის 2008 წელს მომხდარი აგვისტოს ომი იყო. ალბათ მარტივია დასკვნების გაკეთება, იმიტომ რომ ის ყოველთვის მოჩვენებითად ებრძვის ვითომ რუსეთს, მეორეს მხრივ ძალიან აქტიურად, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომლობს და პარტნიორობს რუსეთთან და ისეთ ადამიანებთან რომლიბიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებიან და საერთოდ, მის მიერ წამოწყებული ნებისმიერი პროცესის დროს გამარჯვებული რუსეთი რჩება და შესაბამისად დასკვნების გამოტანა მარტივია თუ ვის წისქვილზე ასხამს ის წყალს", - აცხადებს დეპუტატი.

ვატო შაქარიშვილის განცხადებით, სააკაშვილის პოლიტიკური სპექტაკლი დასასრულს უახლოვდება და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა მოუწევს.

"საქართველოში უამრავი ადამიანი ელოდება როდის წარდგება ის მართლმსაჯულების წინაშე, რომელთა ოჯახის წევრები, ქონება, თავისუფლება, შეიწირა სააკაშვილის რეჟიმმა. დარწმუნებული ვარ, ისეთ ქვეყანაში როგორსაც ჩვენ ვაშენებთ დღეს, სამართლებრივ, სამართლიან სახელმწიფოში დაუსჯელი არავინ დარჩება. უკრაინაშიც ვნახეთ ჩვენ კონკრეტული საქმეები, კონკრეტული მტკიცებულებები წარმოდგენილი და მივადევნებთ ჩვენ თვალყურს იქ მიმდინარე პოცესებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკური სპექტაკლი, გროტესკი ჩვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს" , - აცხადებს დეპუტატი.

უკრაინის გენერალური პროკურატურა ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ბრალს სამი მუხლით უყენებს. ამის შესახებ გენპროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა. სააკაშვილს ბრალი შემდეგი მუხლებით წაუყენეს: "თავდასხმა", "დანაშაულის ჩადენა ჯგუფურად" და "დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევა და მისი დანაშაულის დაფარვა", – წერს სარგანი ტვიტერზე.

სააკაშვილის ძებნა უკრაინის ეროვნული პოლიციის ოპერატიულ ქვედანაყოფებსა და უშიშროების სამსახურს დაევალა, – აცხადებს ლარისა სარგანი.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სააკაშვილზე ძებნა გუშინ გამოაცხადა. საქართველოს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა დღეს განაცხადა, რომ სააკაშვილი დაკითხვაზე არ მივა.