საქართველო უკრაინას ქართველი ჟურნალისტების კიევში არშეშვების გამო, შესაბამის ნოტას გაუგზავნის

საქართველო უკრაინას ქართველი ჟურნალისტების კიევში არშეშვების გამო, შესაბამის ნოტას გაუგზავნის

უკრაინული მხარე მათ ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით რამდენიმე ქართველი ჟურნალისტისთვის უარის თქმის საფუძვლად ქვეყანაში შექმნილ უსაფრთხოების გარემოებას ასახელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შესაბამის საკითხზე კომენტირებისას საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს კონსული ამ დრომდე კიევის აეროპორტში იმყოფება, რათა შეუფერხებლად მოხდეს იმ ქართველი ჟურნალისტების სამშობლოში დაბრუნება, რომლებიც უკრაინაში არ შეუშვეს.

„კიევში, საქართველოს საელჩოსა და საკონსულოსთვის ცნობილია იმ ფაქტის შესახებ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვეს ქართველი ჟურნალისტების ნაწილი. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოსა და საკონსულო წარმომადგენლობას, როგორც ელჩის, ასევე კონსულის დონეზე ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან, კერძოდ შესაბამის სამსახურებთან. უკრაინული მხარე მედიის წარმომადგენლებისათვის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას ხსნის ქვეყანაში შექმნილი უსაფრთხოების გარემოებებიდან გამომდინარე. ასევე საელჩო აქტიურ კავშირზეა თავად ქართველ ჟურნალისტებთან, რათა შეუფერხებლად უზრუნველყოფილი იყოს მათი სამშობლოში დაბრუნების პროცესი. კონსული ამ წუთებშიც იმყოფება კიევის საერთაშორისო აეროპორტში“, - განმარტეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

თავის მხრივ, უკრაინაში საქართველოს ელჩის, გელა დუმბაძის განცხადებით, ამ და სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით უკრაინას შესაბამისი ნოტა გაეგზავნება. მისივე თქმით, საქართველოს დიპლომატიურმა სამსახურმა დააფიქსირა, რომ „რუსთავი 2“-ის, „TV პირველისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტების მიმართ განხორციელდა სწორედ ეს რეჟიმი და უკრაინაში ამიტომაც არ შეუშვეს.

ელჩის განმარტებით, ამ და სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით უკრაინას შესაბამისი ნოტა გაეგზავნება.

„კონსული ახლაც ბორისპოლის აეროპორტშია, გვაქვს კომუნიკაცია არა მხოლოდ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, არამედ უკრაინის სასაზღვრო სამსახურთან. მოგეხსენებათ, არის კონკრეტული ზღვარი - არის ჩვენი ქმედებები და არსებობს უკრაინის შიდა საქმეები. ასეთ შემთხვევებს ხსნიან ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში.

ოფიციალურად, თითოეული შემთხვევა ჩვენს მიერ დოკუმენტალურად არის დაფიქსირებული. გადაიცემა ნოტის სახით და რაღაც პერიოდის შემდეგ პასუხი მოვა. მინდა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ საელჩოს აქვს მყისიერი რეაქცია ყველა შემთხვევაზე - ჟურნალისტები იქნებიან თუ სხვა მოქალაქეები“, - განაცხადა გელა დუმბაძემ „ტვ პირველთან“ საუბარში.

ქართველი ჟურნალისტების ნაწილი, მათ შორის, „რუსთავი 2“-ის, „TV პირველისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლები, რომლებიც უკრაინაში იქ მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად მიდიოდნენ, კიევში არ შეუშვეს.