მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკური კუთხით აქტუალური აღარ არის, დანარჩენი სამართლებრივი პროცედურებია

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკური კუთხით აქტუალური აღარ არის, დანარჩენი სამართლებრივი პროცედურებია

მნიშვნელოვანი არ არის საქართველოს ხელისუფლებას რა აწყობს ან არ აწყობს, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც პოლიტიკაზე მაღლა სამართალი დგას, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დასმულ შეკითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხს შეეხებოდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილი დღეს საქართველოში აქტუალური აღარ არის და მისი საკითხის გადაწყვეტა სამართლებრივ ჭრილში, შესაბამისი უწყებების მიერ მოხდება.

”ჩვენ დღემდეც გავაკეთეთ კომენტარი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და მაშინაც ვთქვით, რომ მადლობა ღმერთს, ის აღარ არის აქტუალური ჩვენს ქვეყანაში. დანარჩენი არის სამართლებრივი პროცედურები და სამართლის ნორმების საქმე. ყველაფერს შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ და ამ პროცესში ჩართულები იქნებიან ქართული შესაბამისი უწყებები. მთავარია, სამართლებრივად მოქმედება. პოლიტიკური კუთხით კი, სააკაშვილი აღარ არის აქტუალური საქართველოში. მნიშვნელოვანი არ არის, საქართველოს ხელისუფლებას რა აწყობს, ან რა არ აწყობს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სამართალი დგას პოლიტიკაზე მაღლა და ამ ჭრილში უნდა გადაწყდეს საკითხი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს დააკავეს.