ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, რელიგიის თავისუფლება პრიორიტეტულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისთვის. „ჩვენ მზად ვართ, ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო გავხადოთ, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ყოველთვის დავდგეთ თქვენ გვერდით და ერთად გადავჭრათ და დავძლიოთ თქვენ წინაშე მდგარი გამოწვევები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში მსჯელობის ერთ-ერთი თემა რელიგიის თავისუფლება ყოფილიყო", - მიმართა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს სოფო კილაძემ.

მისი თქმით, ამერიკის საელჩო ძალიან აქტიურად უდგას კომიტეტს გვერდით ადამიანის უფლებების კუთხით რეფორმების გატარებასა და რელიგიის თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით მჭიდროდ თანამშრომლობს მასთან. ამერიკის საელჩოს წარმომადგენლის იონათან ბრადტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და საელჩო ყოველთვის მხარს უჭერს და გვერდით უდგას მსგავს დიალოგს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვიცავთ რელიგიურ თავისუფლებას, ასევე, ადამიანის უფლებათა დამცველები ვართ და ჩემთვის დიდი პატივია ასეთ ღონისძიებაზე დასწრება", - განაცხადა იონათან ბრადტმა.

რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, მისასალმებელია, როცა რელიგიურ კონფესიათა წარმომადგენლების ჩართულობით მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში რელიგიების წინაშე მდგარ სხვადასხვა გამოწვევაზე მსჯელობა. „კარგია, რომ ყველა იმ პრობლემას და საჭიროებას, რომელიც სხვადასხვა რელიგიის წინაშე სხვადასხვა სახით არსებობს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი უშუალოდ რელიგიურ კონფესიათა წარმომადგენლებისგან ეცნობა. ეს იქნება საწყისი იმ ურთიერთობებისა, რომ ერთი მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლება და მეორე მხრივ, საკანონმდებლო ხელისუფლება რელიგიებთან კოორდინაციაში მოაგვარებს ყველა პრობლემას კანონმდებლობის ფარგლებში", - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

შეხვედრაზე რელიგიების კონფესიათა წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს მათ წინაშე მდგარი პრობლემები და გამოწვევები გააცნეს და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.

კონფესიების მიერ გამოთქმულ სურვილს, შეიქმნას ერთიანი პლატფორმა, სადაც მათ საშუალება ექნებათ თავისუფლად იმსჯელონ და ისაუბრონ დიალოგის ფორმატში, კომიტეტის თავმჯდომარემ ინიციატივით უპასუხა. სოფო კილაძემ კონფესიებს აღნიშნულ მუდმივ პლატფორმად საკომიტეტო სივრცე შესთავაზა, სადაც ყველას ერთად შეეძლება სხვადასხვა, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივების ღია ფორმატში განხილვა.