ნინო გოგუაძემ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ საჯარო შეხვედრა გამართა

ნინო გოგუაძემ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ საჯარო შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ნინო გოგუაძემ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ  საჯარო შეხვედრა ქუთაისის, ზუგდიდისა და ოზურგეთის საკრებულოს წარმომადგენლებთან გამართა.
საჯარო შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს 2017 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებაა რომლის მიზანია, მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება ევროპის საბჭოს კონვენციაზე (სტამბოლის კონვენცია), რომელიც „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" საკითხებს ეხება.
 
შეხვედრაზე, ნინო გოგუაძემ და გენდერული საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, ანა წურწუმია-ზურაბაშვილმა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა, სამომავლო გეგმები მიმოიხილეს და შეხვედრაზე მოსულ  საზოგადოებას სტამბოლის კონვენციიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები გააცნეს.
„გენდერული საბჭოს სახელით რეგიონებში, ძალიან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ  სადაც იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ, რომლებიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობას უკავშირდება. ამ შეხვედრებს ყველა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რაც იმას ნიშნავს რომ საზოგადოებაში ეს საკითხი აქტუალურია და ბევრი ადამიანი ინტერესდება თუ რა არის პრობლემა და როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება. მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი საჯარო შეხვედრა გაიმართოს და მეტი ინფორმაცია მიეწოდოს ჩვენს საზოგადოებას ამ საკითხებთან დაკავშირებით", - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.
 
შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები. ასევე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი თამარ ბარკალაია, რომლებმაც ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფო უწყებების რეაგირების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრას, საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
აღნიშნული ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.