მივმართავ პროტესტის მონაწილეებს, ტელეარხ NewsOne-ის ბლოკირება შეწყდეს, არ არის საჭირო უტიფრებისგან მსხვერპლის შექმნა

მივმართავ პროტესტის მონაწილეებს, ტელეარხ NewsOne-ის ბლოკირება შეწყდეს, არ არის საჭირო უტიფრებისგან მსხვერპლის შექმნა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა რადიკალებს თხოვნით მიმართა, ტელეარხ NewsOne-თან მიმდებარე ტერიტორიაზე ბლოკირება მოხსნან. 

„მივმართავ პროტესტის მონაწილეებს, ტელეარხ NewsOne-ის ბლოკირება უნდა შეწყდეს. არ არის საჭირო უტიფრებისგან მსხვერპლის შექმნა“, - დაწერა ავაკოვმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

ამავდროულად მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლიცია რეაგირებას მოახდენს კომპეტენციის ფარგლებში.

ამასთან, არსენ ავაკოვმა ტელეარხ NewsOne-ის მფლობელს, პარლამენტის წევრს ევგენი მურაევს პროვოკატორი უწოდა.

„არხის მფლობელებმა და რედაქტორებმა უნდა შეწყვიტონ ხალხის პროვოცირება“, - აღნიშნა ავაკოვმა. 

გუშინ საღამოს 150-ზე მეტმა ადამიანმა იმ შენობის ერთ-ერთი მისასვლელის ბლოკირება მოახდინა, რომელშიც ტელეარხი NewsOne მდებარეობს. ერთ-ერთმა რადიკალმა ალექსეი სერდიუკმა განაცხადა, რომ აქცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არხის მფლობელი ევგენი მურაევი ბოდიშს არ მოიხდის 2014 წელს მაიდანის მოვლენებისას დაღუპულების წინაშე. 

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ტელეარხი ანტიუკრაინულ საქმიანობაშია ჩართული და შესაბამისად, არხის სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.

ტელეარხის რედაქცია კი თავის მხრივ, ამ მოვლენებს იმას უკავშირებს, რომ მხოლოდ NewsOne ახორციელებდა გუშინ კიევში მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციის ტრანსლირებას, რომელზეც პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს ითხოვდნენ.