შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გორში, კომბინატის დასახლებაში ერთ ოთახში მცხოვრებ ქეთევან მილაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სოციალურად დაუცველია და ჭალის დასახლებაში, ყოველდღიურად, ეპარქიის მიერ გახსნილ უფასო სასადილოში დადის. როგორც კოალიცია ,,ქართული ოცნების” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეო-მასალაში ჩანს, 2012 წლის 26 ივნისს ის მერეთში ბიძინა ივანიშვილს დახვდა და რუსეთის აგენტი უწოდა. ივანიშვილი აღნიშნულ სოფელში მხარდამჭერებს ხვდებოდა, რა დროსაც, შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაშალეს. ქეთევან მილაშვილი ამბობს, რომ ის მერეთში შემთხვევით მოხვდა: ,,ჩემმა ამხანაგმა თინა ჰქვია, მითხრა, მერეთში დაბადების დღეზე დედაჩემთან უნდა წაგიყვანოო. იმ სახლში არც მივსულვართ. მივედით იქ სადაც ხალხი იყო შეკრებილი. მე ჩემი სათქმელი ვთქვი. სად იყო ივანიშვილი 2008 წელს, როდესაც ჩემი სახლი დაიბომბა?” – ამბობს ქეთევან მილაშვილი.
ჩვენს კითხვაზე, თუ სად იყო ხელისუფლება და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ქეთევან მილაშვილმა არ იცის: ,,იმ დროს ყველას თავისი თავი გასჭირვებოდა და ყველა თავის სიცოცხლეზე ზრუნავდა. აბა მე რა ვიცი სად იყო მიხეილ სააკაშვილი” – ამბობს ჩვენი რესპონდენტი.