ვიდრე დუმილის უფლებას იყენებთ, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, იმასაც, რომ ჩატაევი თავად შემოიყვანეთ

ვიდრე დუმილის უფლებას იყენებთ, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, იმასაც, რომ ჩატაევი თავად შემოიყვანეთ

ვიდრე დუმილის უფლებას იყენებთ, აბსოლუტურად ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, იმ ვერსიასაც, რომ ჩატაევი თქვენ თავად შემოიყვანეთ საქართველოში, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადრიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებს.

დეპუტატის თქმით, ამ ეჭვის საფუძველს იძლევა ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ერთხელ უკვე ითანამშრომლა ჩატაევთან.

„იმის ნაცვლად, რომ გეძებათ გზები (თუ ბრალდება სუსტად მოგეჩვენათ), რომ გაგეძლიერებინათ ეს ბრალდება, ის გირაოთი გაუშვით სასამართლოდან. შემდეგ გამოაცხადეთ, რომ ხელებიც დაგიბანიათ და ამ ხელების დაბანის შემდეგ, ამ ადამიანმა, თურქეთის მთავრობის მტკიცებით, 45 ადამიანი შეიწირა მაშინ, როდესაც სტამბოლის აეროპორტში ტერაქტი განხორციელდა. ამიტომ ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ თქვენს გავლილ გზას - მაგალითად, თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც მუხთარლი გააქრეთ ქვეყნიდან და ის აღმოჩნდა აზერბაიჯანის ციხეში; მასთან ერთად გააქრეთ კამერების ჩანაწერები; თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც უტიფრად გამოგვიცხადეთ, რომ რუსეთის მოქალაქე შკრილნიკოვი ყოფილა პოლიტიკური პატიმარი და გაათავისუფლეთ; თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ადამიანის ცერცვაძის პირადი მონაცემები მიეცით რუსეთს; თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც წითელაშვილი შეუშვით დაცულ საიდუმლო ობიექტზე და შემდეგ იყო ეჭვები, რომ ეს მონაცემები ასევე გადაეგზავნა რუსეთს“, - განაცახდა ნადირაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის სასარგებლო არ არის არც დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ გაჟღერებული ვერსია, რომ შესაძლოა ჩატაევი ოფიციალური საზღვრის გადაკვეთის გარეშე შემოვიდა საქართველოში.

„გაერო-ს ტერორისტების შავ სიაში შეყვანილი ადამიანი თუ ისე კვეთს საზღვარს, რომ თქვენ ვერაფერს იგებთ, თუ გვეუბნებით, რომ მეთვალყურეობდით იმ ბინას და შემდეგ მთელი არსენალი შეიტანეს, საინჟინრო სამუშაოები ჩაატარეს და 3 ადამიანი (თუ რამდენი იყო, მაგასაც არ ამბობთ), მთელ ქართულ შეიარაღებას, ძალოვანებს უწევდა წინააღმდეგობას, ეს თქვენზე სასიკეთოდ ნამდვილად არ მეტყველებს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. სუს-ი არის უბრალოდ პოლიტიკური პოლიცია, რომელიც დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნით, ამიტომ გირჩევთ, რაც უფრო მალე შეძლებთ, რომ ამ საკითხზე მკითხაობა დამთავრდეს, ეს უკეთესი იქნება თქვენთვისაც, სახელმწიფოსთვისაც; იმედი, რომ ჩვენ ამ საკითხზე საუბარი მოგვწყინდება, ნამდვილად არ გქონდეთ“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.