პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წესი ახალი კონსტიტუციის თანახმად, სამართლებრივად ხარვეზიანია. როგორც კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით არის დილემა: მმართველი გუნდი მაქსიმალურად ერიდება ცვლილებების შეტანას უკვე დამტკიცებულ დოკუმენტში, ხოლო მეორე მხარეს დგას პრეზიდენტის ლეგიტიმაციის ინტერესი. თავად კობახიძე ემხრობა, რომ პრეზიდენტი აირჩიოს პარლამენტმა.
”ეს წესი ერთ-ერთი კომისიის წევრის მიერ იყო ინიცირებული. წესი არის აღებული გერმანული, იტალიური მოდელებიდან და ეს მოდელები არის მსგავსი და არა ანალოგიური. იქ სადაც ეს წესი მოქმედებს, რეგიონი არის პოლიტიკური დონე. ჩვენ შემთხვევაში რეგიონები, როგორც პოლიტიკური ერთეულები, ჩამოყალიბებული არ არის გარდა ორი შემთხვევისა - ეს არის ორი ავტონომიური რესპუბლიკა. თვითმმართველობას რაც შეეხება, ეს არის არა პოლიტიკური, არამედ ადმინისტრაციული მმართველობის დონე. შესაბამისად, ადმინისტრაციული დონის არჩევნების გამოყენება პოლიტიკური არჩევნებისთვის იურიდიულ პრინციპებთან მთლად თავსებადი არ არის. მოცემულობა არის ასეთი: მე საპარლამენტო წესს ბოლომდე ვემხრობი, მეც მიმაჩნია, რომ იურიდიულად ხარვეზიანია ის პროცედურა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. აჭარის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი ავტომატურად მონაწილეობს არჩევნებში და იქ კითხვა ისმება მონაწილეობს თუ არა თვითმმართველობა. ორივე პასუხი პრობლემურია. თუ მონაწილეობს თვითმმართველობა, ჩნდება დისბალანსი და თუ არ მონაწილეობს, მაშინ კითხვა ისმება თუ რა დააშავა ხულოს მუნიციპალიტეტმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან მიმართებაში. მთავარი საკითხი არის მაინც ის, რომ ჩვენ ადმინისტრაციული წესით არჩევნებს ვიყენებთ პოლიტიკური არჩევნებისთვის. აკადემიურ წრეებთან განხილვისასაც დაისვა ეს საკითხი”, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ნეგატიური პოლიტიკური ეფექტი უკვე სახეზეა.
”როდესაც ჩვენ გავმართეთ საყოველთაო-სახალხო განხილვა, გამოჩნდა, რომ ოპონენტებს მთლიანად სისტემის გაკრიტიკების საშუალება მივეცით. საუბარი იყო, რომ ვიღაც 300 კაცი ირჩევს პრეზიდენტს. ახლა ეს პრობლემა ნაკლებად არის ვიდრე დღის წესრიგში არ დადგება უშუალოდ პრეზიდენტის არჩევა. კრიტიკა არის ძირითადად თვითმმართველობასთან თუ რატომ არიან ისინი ჩართული ამ პროცესში, რომელიც ადმინისტრაციული დონეა. დილემა არის ასეთი, რომ მაქსიმალურად ვერიდებით ცვლილებების შეტანას უკვე დამტკიცებულ დოკუმენტში, თუმცა მეორე მხარეს დგას პრეზიდენტის ლეგიტიმაციის ინტერესი და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არავის დავუტოვოთ იმის საბაბი, რომ პრეზიდენტი არჩეულია გაუგებარი ინსტიტუტის მიერ. საპარლამენტო წესი არის კითხვის ნიშნების გარეშე, პროპორციებიც არის შესაბამისად დაცული, ამიტომ შეგვიძლია განვავრცოთ ამასთან დაკავშირებით მსჯელობა”, - განაცხადა კობახიძემ.
ის ასევე განმარტავს თუ რატომ არ შევიდა ცვლილება ისე, რომ უშუალოდ პარლამენტს აერჩია პრეზიდენტი.
”საკონსტიტუციო კომისიაში სერიოზული მსჯელობა იყო პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით. თავიდან იყო შემოთავაზებული საპარლამენტო არჩევნების წესი, თუმცა ამ საპარლამენტო არჩევის წესთან დაკავშირებით გამოითქვა კრიტიკა, რაც დაკავშირებული იყო არსებულ კონტექსტთან დაკავშირებით. მაშინ არ იყო განსაზღვრული ამოქმედების ვადა თუ როდიდან შევიდოდა ძალაში პრეზიდენტის ახალი არჩევის წესი, იქნებოდა ეს მომავალ წელს თუ მომდევო არჩევნებზე. ეს დაკავშირებული იყო პარლამენტის არჩევის წესთანაც. ქრონოლოგიურად, ჯერ ტარდებოდა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები და შემდეგ ტარდებოდა პირველი პროპორციული არჩევნები პარლამენტის. საუბარი იყო, რომ დაუბალანსებელი იქნებოდა შედარებით შემდეგი პარლამენტი და ასეთი პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი იქნებოდა გამომხატველი კონკრეტული პოლიტიკური ძალების ინტერესების”, - განაცხადა კობახიძემ.
ამ საკითხზე კომენტარი დამატებით გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც. ზაზა თავაძის თქმით, უმჯობესია წინასწარ გასწორდეს ეს ხარვეზები.