უსინდისო განცხადებებს და ზღვარგადასულ ბრალდებებს არ მივიღებთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ტერაქტებს თვითონ აწყობდნენ

უსინდისო განცხადებებს და ზღვარგადასულ ბრალდებებს არ მივიღებთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ტერაქტებს თვითონ აწყობდნენ

ასეთ უსინდისო განცხადებებს და ასეთ ზღვარგადასულ ბრალდებებს არ მივიღებთ ჩვენ არავისგან და განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც თვითონ აწყობდნენ ტერაქტებს საკუთარ ქვეყანაში, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ბერი სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"მინდა პირველ რიგში, შევაფასო ის ძალიან სერიოზული ოპერაცია, რომელიც ჩაატარა კომპლექსურად რამდენიმე უწყებამ ერთად და პირველ რიგში, ძალოვანმა უწყებამ, უსაფრთხოების სამსახურმა და შსს-მ. კოორდინირებულად და ძალიან გააზრებულად, ძალიან დიდი სიფრთხილით და იმის გათვალისწინებით, რომ არ ყოფილიყო მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი და ოპერაცია წარმატებით დასრულებულიყო - ამისთვის ყველაფერი გააკეთეს. ვფიქრობ, რომ სამართლიანობა მოითხოვს იმას ობიექტურად შეფასდეს ეს ოპერაცია, როგორც კარგად გააზრებული და მაქსიმალური ძალისხმევა მიმართული იქეთკენ, რომ ადამიანების სიცოცხლე გადარჩენილი ყოფილიყო, ამიტომ ნებისმიერი სპეკულაცია ამ თემაზე, ის განცხადებები, სამწუხაროდ, ის არასახელმწიფოებრივი მიდგომები, მათ შორის, პირველივე წუთებში, რომელიც სრულიად გაუგებარია, თუ როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო კროტიკული იქამდეც კი, ვიდრე ოპერაცია დასრულდებოდა - ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ქვეყნის ინტერესებს, თორემ არავითარი სიკეთე არ მოაქვს", - განაცხადა ბესელიამ.

მისივე შეფასებით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაცია, რომელიც ჩაატარეს შესაბამისმა სამსახურებმა და ჩაატარეს ძალიან მაღალ დონეზე.

"არა იმ უსამართლო და შეურაცხმყოფელ კითხვებზე, რაც ისმის ცალკეულ შემთხვევაში, არამედ ყველა ლეგიტიმურ და გააზრებულ კითხვაზე პასუხები იქნება გამოძიების შედეგების მიხედვით, ამიტომ დაველოდოთ ამ გამოძიების შედეგებს. დღეს თანამედროვე სამყაროსთვის, ყველაზე ძლიერი სისტემის მქონე ქვეყნებისთვის ნომერ პირველი გამოწვევაა უსაფრთხოების კუთხით ტერორიზმი და ტერორისტული ქმედებები. იმ ძალისხმების მიუხედავად, რასაც თანამედროვე სამყარო ეწევა ამ მიმართულებით, ხედავთ, რა ხდება დღეს მსოფლიოში და რა ტიპის ქმედებებს აქვს ადგილი, ამიტომ საქართველო ამ მხრივ არის ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც ჩვენ არ გვქონია ასეთი შემთხვევები და პრევენციის ეტაპზე დაიწყო მოქმედება ჩვენმა სამსახურებმა, ამიტომ აქ რაიმე ტიპის დემაგოგია იქნებოდა სრულიად გაუგებარი", - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, უნდა დადგინდეს და მოხდეს იდენტიფიცირება მონაწილე პირების, ამიტომ გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ.

"ჩვენთვის ამოსავალი იქნება საბოლოოდ ის ობიექტური ექსპერტიზა, რომელმაც უნდა გასცეს პასუხი და იდენტიფიცირება მოახდინოს. რაც შეეხება იმ დემაგოგიას და სიცრუეს, რასაც ავრცელებდა ცალკეული პირები წინა ხელისუფლებიდან, მათ შორის, ჩატაევთან დაკავშირებით, ამოიღეთ მასალა და ნახეთ, რა ბრალდება ჰქონდა მას წარდგენილი და რა ბრალდებით იყო საქმე სასამართლოში გაშვებული. არც ერთი პერსონალური გადაწყვეტილება არ მიღებულა არც ერთი იმ გვარის მიმართ, ვინც სახელდება პარლამენტის მიერ. ამიტომ ასეთ უსინდისო განცხადებებს და ასეთ ზღვარგადასულ ბრალდებებს არ მივიღებთ ჩვენ არავისგან და განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც თვითონ აწყობდნენ ტერაქტებს საკუთარ ქვეყანაში და უამრავი ფაქტი შემიძლია გავიხსენო მათ მიერ დაგეგმილი ხელოვნული ტერაქტები, რომლებსაც ეწირებოდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ამიტომ ამ თემაზე ნურავინ ნუ გაბედავს, რომ თავს უფლება მისცეს და ილაპარაკოს თითის გაშვერით ჩვენსკენ მაშინ, როდესაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მიერ დატოვებული უმძიმესი მემკვიდრეობა საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავზე არ იგემონ", - განაცხადა ბესელიამ.

მისივე განცხადებით, ჯერ უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ, თუ ვის რა წილი პასუხიმსგებლობა დაეკისრება.

„გავიხედოთ ცოტა უფრო შორს და მემგონი, რომ იმ ადამიანებს დავინახავთ, ვინც დღეს აქეთ სვამს კითხვებს ამ პასუხისმგებლობის ჭრილში, ასე რომ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ჩვენმა სამსახურებმა იმოქმედებს პრევენციის ეტაპზე და არა მაშინ, ჯვარი სწერია ქვეყანას, ვიდრე რაიმე უბედურება მოხდებოდა. ჩვენ ვხედავთ როგორი დემოკრატიის და ძლიერი სისტემის ქვეყნებში თითქმის ყოველ კვირა ხდება ტეროტისტული აქტები, ამიტომ ასეთი განცხადებები, ვინ, როგორ, რითი შემოვიდა და ამიტომ მოდი, პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენოთ, არის სუპერ არასერიოზული და სუპერ უპასუხიმსგებლო განცხადებები", - განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, უნდა მომხადრიყო თუ არა თავის დროზე ახმედ ჩატაევის გათავისუფლება ციხიდან, ეკა ბესელიას განცხადებით, კითხვა უნდა დაიწყოს იქიდან, თუ რა ბრალდება წაუყენა მას წინა ხელისუფლებამ და ის ბრალდება უნდა ყოფილიყო თუ არა დადასტურებული. ეკა ბესელიას განცხადებით, ჩატაევს ბრალად ედებოდა საბრძოლო მასალის შენახვა, ნაკლებად მძიმე დანაშაული.

“ამოიღეთ ის მასალები, ნახეთ, რა საქმე გააგზავნეს სასამართლოში და დღეს რომ ბევრს ლაპარაკობენ, რომ თითქოს ის გათავისუფლდა პარლამენტის მიერ, ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ტყუილი და არ მივიღებ ამას არავისგან. ამოიღეთ ის საქმე, რაც გააგზავნეს სასამართლოში. რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, ამაზე მე ნუ მეკითხებით, ეს ჰკითხეთ იმათ, ვინც მიიღო გადაწყვეტილება”, - განაცხადა ბესელიამ.