გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო უპირობო მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზე განაცხადა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები იყო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ეკონომიკური კავშირების გააქტიურება და ორი ქვეყნი საერთო ევროპული მისწრაფებები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანს ოფიციალური ვიზიტისა და "აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა, მივესალმო თქვენს პირველ ოფიციალურ ვიზიტს და მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ მონაწილეობთ "აბრეშუმის გზის ფორუმში". მინდა, ასევე ხაზი გავუსვა საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის მზარდ დინამიკას ბოლო პერიოდში, ასევე მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო უკრაინის პრეზიდენტის წარმატებული ვიზიტი, რომელიც ახლო წარსულში შედგა და ასევე ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო უპირობო მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჩვენი მხრიდან გვსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თანმიმდევრული პოზიციის გამო საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ძვირფასო მეგობარო ვოლოდიმირ, მოგესალმებით საქართველოში“, - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელ კოლეგას.

ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მაღალ დონეს გაუსვა ხაზი უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და ჩვენი თანამშრომლობის მაღალი დონე. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ვიზიტი იქნება მორიგი ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისკენ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ასევე აღვნიშნო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი",- განაცხადა ვოლოდიმირ გროისმანმა.