მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნება ინიცირებული. კანონებში დაგეგმილი ცვლილებების პროექტები პარლამენტში უკვე შესულია და მათ განხილვას მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, უქმდება ოთხი სამინისტრო - ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროები და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

სტრუქტურული ცვლილებების პაკეტის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი;

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი;

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი;

გარემოს დაცვის სამინისტრო უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს;

კანონის მიღების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

დაგეგმილია უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმება, შინაგან საქმეთა სამინისტროდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გამოყოფა და მათ ბაზაზე ერთიანი სამსახურის შექმნა, რომელიც პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში იქნება.

მთავრობა გამოდის ინიციატივით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეუერთდეს დაზვერვის სამსახური.