რაულ ხაჯიმბამ ანატოლი ბიბილოვს სთხოვა, გიორგი გიუნაშვილი შეეწყალებინა შემდგომში აფხაზეთის მოქალაქეში გადასაცვლელად

რაულ ხაჯიმბამ ანატოლი ბიბილოვს სთხოვა, გიორგი გიუნაშვილი შეეწყალებინა შემდგომში აფხაზეთის მოქალაქეში გადასაცვლელად

ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროდან გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სააგენტო „რესი“ ინფორმაციას ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, მსჯავრდებულ გიორგი გიუნაშვილის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემა ადმინისტრაციულ საზღვარზე, სოფელ ერგნეთის ტერიტორიაზე მოხდა. „გიუნაშვილი, რომელიც სასჯელს „დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით“ სამხრეთ ოსეთში იხდიდა, სახელმწიფოს მეთაურის, ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით შეიწყალეს და გადაეცა აფხაზეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს ზურაბ ლაკერბაიას, რომელმაც, თავის მხრივ, დივერსანტი ქართულ მხარეს გადასცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სააგენტოს ინფორმაციით, პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მურატ ჯიოევის განცხადებით, მოცემული პროცედურა წარმოადგენს „სამხრეთოსური მხარის კეთილ ნებასა და პრეზიდენტის ჰუმანურობას“. „მსჯავრდებულის გადაცემა - აფხაზეთის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბასადმი გამოვლენილი პატივისცემაა, რომელმაც ანატოლი ბიბილოვს სთხოვა, გიორგი გიუნაშვილი შეეწყალებინა შემდგომში აფხაზეთის მოქალაქეში გადასაცვლელად, რომელიც სასჯელს საქართველოში იხდის“, - განაცხადა ჯიოევმა.

მისი აზრით, მსჯავრდებულის შეწყალება და გადაცემა, ეს არის აქცია, რომელიც ადასტურებს „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის სწრაფვას კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ, მათ შორის, საქართველოსთან. „ვიმედოვნებთ, რომ ეს შეფასდება როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა ჯიოევმა.