აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, სასტუმრო „ლეოგრანდი“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყების მიერ დაჯარიმებული იყო. როგორც ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაჯარიმება ნამდვილად მოხდა, დანარჩენი დეტალები კი გამოძიების შემდგომ გაირკვევა. ამასთან, პატარაძემ განმარტა, რომ ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაცია დაჯარიმებას არ გულისხმობს.
„დაჯარიმება მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის მიერ. რაც შეეხება ტურიზმის დეპარტამენტს, ეს სხვა მოცემულობაა, რომელიც მოიცავს, მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო შეფასებას და მითითებას. ტურიზმის დეპარტამენტის ეს რეკომენდაცია შარშან გაიცა, მაგრამ იყო გარკვეული დარღვევები და შესაბამისად წელს არ განიხილა და არ გასცა შესაბამისი რეკომენდაცია, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან იქნება მყისიერი რეაგირება ყველა საკითხზე.
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი გუშინ, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.
ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა. დაშავებულთა შორის ასევე არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 1 მეხანძრე-მაშველი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.