მუნიციპალური ლაბორატორია სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებული კორპუსის კვლევას საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ დაიწყებს

მუნიციპალური ლაბორატორია სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებული კორპუსის კვლევას საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ დაიწყებს

თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული მუნიციპალური ლაბორატორია, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებული კორპუსის კვლევას მას შემდეგ დაიწყებს, რაც აღნიშნულ კორპუსში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. 

მათი ინფორმაციით, დღეს დილით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებულ კორპუსში, მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლები მივიდნენ იმისთვის, რომ კორპუსის მდგრადობა და არსებული ვითარება შეესწავლათ, თუმცა, როგორც პრესსამსახურში განმარტეს, ლაბორატორიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კვლევას ჩაატარებს მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება.

„კვლევა არ დაწყებულა. აპირებდნენ კორპუსის კვლევის დაწყებას, თუმცა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სანამ საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება, ლაბორატორია კვლევას არ დაიწყებს“, - განაცხადეს თბილისის მერიის პრესსამსახურში.

რაც შეეხება სპეცოპერაციის ჩატარების ადგილს, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კვლავ იმყოფებიან სამართალდამცავები.