ახლობლების ინფორმაციით, „ლეოგრანდში“ დაღუპულებიდან ექვსი ახალგაზრდა ხანძრის დროს სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდა

ახლობლების ინფორმაციით, „ლეოგრანდში“ დაღუპულებიდან ექვსი ახალგაზრდა ხანძრის დროს სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდა

სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპული 6 ახალგაზრდა მამაკაცი ხანძრის დროს სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილების ახლობლებმა განუცხადეს.

დაღუპულებიდან ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ ლიფტში იპოვეს, ორი კი სავარჯიშო დარბაზთან.

„ჩემი ახლობლები, 29 და 33 წლის ბიჭები, სავარჯიშო დარბაზში დაახლოებით, 1 საათის მისულები იქნებოდნენ, ინტენსიურად დადიოდნენ და ვარჯიშობდნენ. ერთ-ერთი მეზღვაური იყო, 1 კვირის წინ დაბრუნდა ნაოსნობიდან. როგორც ვიცი, საუნადან გავრცელდა ხანძარი. სინათლეც ჩაქრა, გზა ვეღარ გაიკვლიეს და კვამლის გამო გაიგუდნენ“, - განაცხადა ახლობელმა.

გარდაცვლილი 6 მამაკაციდან 5 ბათუმელი იყო, ხოლო ერთი - გორიდან.

„ლეოგრანდში“ ფიტნეს დარბაზში დადიოდნენ. ერთ-ერთი ჩვენს ეკლესიაში სტიქაროსანი იყო, ორი მათგანი, როგორც მითხრეს, ლიფტში კვამლისგან გაიგუდა. კიდევ ერთი იყო სავარჯიშოდ, რომელმაც დედას დაურეკა, მიშველე ვიხრჩობიო. გარდაცვლილები 23, 26 და 27 წლისები არიან“, - განაცხადა გარდაცვლილების მეგობარმა.

ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილები პროზექტურიდან უკვე გადაასვენეს ოჯახებში.

გუშინ სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 8 დაშავებული.