ბათუმში მომხდარ ხანძარს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფრომაძე გამოეხმაურა. მან არ გამორიცხა, რომ “ლეო გრანდში” მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება.
“რაც შეეხება დაშავებულებს, 21 მათგანს დასჭირდა სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. ისინი განთავსებულები არიან ბათუმის რამდენიმე კლინიკაში და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არცერთი მათგანის მდგომარეობა უკვე არ არის მძიმე. 21-დან 3 მოქალაქე უკვე გაეწერა კლინიკიდან. დანარჩენს უტარდება შესაბამისი მანიპულაციები და ყველა მათგანი იმყოფება ექიმების ზედამხედველობის ქვეშ.
ხანძარი ლიკვიდირებულია. იმედია, მსხვერპლის რიცხვი არ გაიზრდება, თუმცა, სამწუხაროდ, ამის გარანტიები ჯერჯერობით არ გვაქვს. ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, სამედიცინო ქსელი პაციენტთათვის დახმარების აღმოსაჩენად მზად არის. მთელი ამ ხნის განმავლობაში, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადები, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მობილიზებული იყო ბათუმის ყველა სამედიცინო დაწესებულება. ამ დროისთვის ყველა დაღუპული იდენთიფიცირებულია”, – განაცხადა სოფრომაძემ.