ცნობილი ქართველი მსახიობი სოფიკო ჭიაურელი ახალგაზრდობაში მოსკოვში სწავლობდა.
სტიპენდიასაც იღებდა და მამამისი თბილისიდან კიდევ 200 მანეთსაც უგზავნიდა, რაც მაშინ კარგ ფულად ითვლებოდა. ქალბატონი სოფიკო და მისი მეგობრები მთელი კვირა ქეიფობდნენ, შემდეგ კი დიდი ხნის განმავლობაში უკაპიკოდ რჩებოდნენ.
საბედნიეროდ სასწავლებლის ბუფეტში შაქარი, მარილი, მდოგვი და პური უფასო გახლდათ. მსახიობს მთელი სიცოცხლის მანძილზე თან გაჰყვა მარილმოყრილი და მდოგვწასმული შავი პურის გემო.
ერთხელაც დაბადების დღეზე, სოფიკო ჭიაურელმა თბილისიდან 30 მანეთი და დეპეშა მიიღო: “გილოცავ, გკოცნი, გიგზავნი ტორტის ფულს”.
საქართველოში მოსკოვიდან შემდეგი სახის პასუხი წამოვიდა: “მამიკო, დიდი მადლობა, ტორტის ფული მივიღე, გამომიგზავნე პურის ფული”.