ნინო წილოსანი: „გენდერულად ნეიტრალური კანონმდებლობა აღარ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს

ნინო წილოსანი: „გენდერულად ნეიტრალური კანონმდებლობა აღარ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს"

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს გენდერული თანასწორობის საბჭომ თავისი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

მომხსენებელმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, პარლამენტარმა ნინო წილოსანმა გამოსვლაში საბჭოს სამოქმედო გეგმოს ოთხ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ესენია:

·         საქართველოს პარლამენტის მიერ გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისა და ახალი კონცეფციის შემუშავება ;

·         გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და განვითარების უზრუნველყოფა  და მისი საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;

·         გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება;

·         გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების და ქალთა გაძლიერების ღონისძიებებში მონაწილეობა.

ნინო წილოსანმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც 2017 წლის დასაწყისშივე გამოიკვეთა, როდესაც მოქმედი საბჭო შეუდგა მუშაობას. გამოწვევებს შორის კი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია საქართველოს კანონმდებლობის გენდერულად ნეიტრალური ხასიათი, რის გამოც ის ვეღარ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს. ამიტომ, საბჭო მხარს უჭერს კანონმდებლობის გენდერული მგრძნობელობის გაზრდას.

„გენდერული თანასწორობის საბჭო აგრძელებს აქტიურ მუშაობას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თემაზე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის საკითხზე, ქალთა შრომითი უფლებების და მშობლის დეკრეტული შვებულების საკითხებზე. ჩვენ მზად ვართ, ამ მიზნების მისაღწევად აქტიურად ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ორგანიზაციასთან თუ სახელმწიფო უწყებასთან," - აღნიშნა წილოსანმა.

გარდა ამისა, გენდერული საბჭოს წევრმა ყურადღება გაამახვილა გენდერული ხასიათის იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომლებიც წელს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებამ გამოიწვია და წინგადადგმული ნაბიჯი იყო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საქმეში. ნინო წილოსანის თქმით, არიან ქვეყნები, რომლებსაც საერთოდ არ მოუწერიათ ხელი ამ კონვენციისთვის და ან მოაწერეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ მოუხდენიათ რატიფიცირება. სწორედ ამიტომ არაერთ საერთაშორისო შეხვედრაზე, სადაც გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები განიხილებოდა, ძალიან დადებითი შეფასებები მივიღეთ საქართველოს მხრიდან სტამბულის კონვენციის რატიფიცირების გამო.

მომხსენებელმა ასევე, ისაუბრა საბჭოს წვლილზე ქალის და კაცის თანასწორობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ჩანაწერის ადვოკატირებაში.

„მაგრამ აქვე უნდა აღნიშნოს, რომ ეს საკმარისი არ არის.  როგორც შეხვედრების დროს გამოჩნდა, ჩვენ უფრო მეტი მუშაობა გვჭირდება, რათა მოწყვლად ჯგუფებამდე მივიტანოთ საკანონმდებლო ცვლილებები და დავარწმუნოთ ისინი, რომ სახელმწიფო მათ მაქსიმალურ მხარდაჭერას გაუწევს", - განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა.

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წლევანდელი საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც გამომსვლელმა გააკეთა აქცენტი და რომელსაც საბჭო პარლამენტში აქტიურად ადვოკატირებს, სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელსაც მხარი უკვე დაუჭირა პარლამენტის სამმა კომიტეტმა და მზადდება პლენარულ სხდომაზე გასატანად.