„ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი გზა მოვძებნოთ ერთმანეთთან მისასვლელად და დასაახლოებლად. ჩვენთვის სიახლოვე არის არა მარტო პოლიტიკური მიზანი, არამედ ჩვენი ხალხების ბუნებრივი სურვილი და ჩვენი, პოლიტიკოსების ამოცანაა, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ ოსურ-ქართული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა და განაცხადა, რომ არ არსებობს სხვა რომელიმე ერი, რომელთანაც ქართველებს უფრო მეტი სიახლოვე აკავშირებთ, ვიდრე ოსებთან.
„ჩვენთვის ოსი ხალხი და მისი კულტურა არის ძალიან ახლობელი. არ არსებობს სხვა რომელიმე ერი, რომელთან ჩვენ უფრო მეტი სიახლოვე გვაკავშირებს, ვიდრე ოსებთან.
ჩვენ ვართ ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები და ოსები არიან საქართველოს ისეთივე პატრიოტები, როგორც ქართველები, რითიც, ჩვენ, ბუნებრივია ძალიან ვამაყობთ.
ჩვენ გვაკავშირებს ძალიან ბევრი საერთო რამ. ეს არის ჩვენი საერთო ისტორია, რელიგია, კულტურა, ოჯახები, ნათესაური და მეგობრული ურთიერთობები. ეს არის ის, რასაც ჩვენ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ. ეს არის ის, რაც საქართველოში ყალიბდებოდა არა წლების და ათწლეულების განმავლობაში, არამედ, საუკუნეების განმავლობაში ქართველ და ოს ხალხებს შორის",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველებსა და ოსებს შორის დაპირისპირების გაღრმავებას ვერანაირი პოლიტიკა ვერ შეძლებს. მისი თქმით, საერთო ტკივილი ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ბატონობაა და ამ ვითარების შესაცვლელად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რისთვისაც, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საუკეთესო საშუალება ქართველ და ოს ხალხს შორის დიალოგია.
„მინდა, ძალიან თამამად და დაბეჯითებით ვთქვა, რომ ვერანაირი პოლიტიკა ვერ შეძლებს ქართველებსა და ოსებს შორის დაპირისპირების გაღრმავებას და ჩვენს ერთმანეთისგან დაშორებას. ეს არის პოლიტიკა, ეს არის დროებითი. ჩვენი მეგობრობა, ჩვენი კავშირი, არის ბუნებრივია, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული და ამის დარღვევას, ბუნებრივია, ვერავინ ვერ შეძლებს. ჩვენი საერთო ტკივილი არის ის, რომ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ბატონობას ვხედავთ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რომელიც არის ერთნაირად სამწუხარო როგორც ქართველებისთვის, ისე ოსებისთვის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ვითარება შეიცვალოს და ამისთვის საუკეთესო საშუალებაა დიალოგი ოსებსა და ქართველებს შორის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ყველაზე მეტად, დაბრკოლება, სწორედ ხალხებს შორის საუბარსა და დიალოგს ექმნება.
„იციან, რომ დიალოგის შემთხვევაში, ჩვენი ხალხები ძალიან ადვილად იპოვნიან ერთმანეთის გულებთან მისასვლელ გზებს და ძალიან მარტივად შეძლებენ დაახლოებას ერთმანეთთან. თუმცა, ჩვენ ყველაფერი უნდა ვეცადოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს დიალოგი შედგეს, გაღრმავდეს და ასეთ შემთხვევაში, ჩვენი საერთო მიზნები აუცილებლად იქნება მიღწეული",- მიმართა ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს.
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოში მცხოვრებ ქართველებს და ოსებს საერთო მიზანი უნდა აერთიანებდეს და ეს მიზანი - წარმატებული და დემოკრატიული საქართველოა.
„ჩვენ - საქართველოში მცხოვრებ ქართველებსა და ოსებს ერთი სახელმწიფო, ერთი მთავრობა და ერთი საერთო მიზანი უნდა გვაერთიანებდეს; და ეს მიზანი უნდა იყოს წარმატებული და დემოკრატიული საქართველო.
ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი გზა მოვძებნოთ ერთმანეთთან მისასვლელად და დასაახლოებლად. ჩვენთვის სიახლოვე არის არა მარტო პოლიტიკური მიზანი, არამედ ჩვენი ხალხების ბუნებრივი სურვილი და ჩვენი, პოლიტიკოსების ამოცანაა, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ საღამოს ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება ქართველი და ოსი ხალხის დაახლოებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ. მან ქართველი და ოსი ერების საერთო ისტორიაზე გაამახვილა ყურადღება. „სწორედ ქართველი და ოსი ერების საერთო ისტორია გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ საერთო მომავალი გვაქვს", - აღნიშნა სოფო კილაძემ. მისივე განცხადებით, გარკვეული ძალები შეეცადნენ ერებს შორის შუღლის გაღვივებას, თუმცა მას მიაჩნია, რომ ეს ცდა წარუმატებელია. "ჩვენ ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ. სწორედ ამ ძმობის, მეგობრობის, პატივისცემის გამოხატულებაა დღევანდელი საღამო. ჩვენ ხელს ვუწყობთ ოსური კულტურის განვითარებას. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს და მთლინად პარლამენტს დიდი როლი ენიჭება ამ ურთიერთობის გაღრმავებაში, მხარდაჭერასა და ერთმანეთზე ზრუნვაში",- განაცხადა სოფო კილაძემ. მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიებით გამოწვეული ტკივილი დამარცხდება მხოლოდ მაშინ, როცა ქართველი და ოსი ერები ერთად იქნებიან. „ჩვენ ვართ კიდეც ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დაუბრუნდება დედასამშობლოს და ჩვენ ყველანი ერთად, ძმურად, მეგობრულად ვიცხოვრებთ დიდ საქართველოში", - მიმართა სტუმრებს სოფო კილაძემ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, დღევანდელი საღამო არის ტოლერანტობის კვირეულის ერთგვარი გამოძახილი, რომელიც აღინიშნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. „ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენეთ ერთმანეთს, თუ რაოდენ მრავალფეროვანია ჩვენი სამშობლო და , შესაბამისად, რაოდენ მდიდარია ეთნიკური და კულტურული პალიტრით და რა არის ჩვენი ყოველდღიური პრინციპი. ეს პრინციპია ამ მრავალფეროვნების დაფასება და პატივისცემა", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა ოსი ერის საგანძური - ცეკვები და სიმღერები, გაიმართა ასევე, ცხინვალის თეატრის წარმოდგენა.