საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურის შესარჩევად უმრავლესობის ფარგლებში დამატებითი კონსულტაციები გახდეს საჭირო.
როგორც თალაკვაძემ სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის მიზნით დაგეგმილი უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორის მიერ შეთავაზებული ოთხი კანდიდატურის განხილვა იგეგმება, თუმცა, მან ასევე არ გამორიცხა, რომ პარლამენტის წევრებმა სხვა კანდიდატურებთან დაკავშირებითაც წარმოადგინონ ინიციატივები.
„არასამთავრობო ორგანიზაციებმა ოთხი ძლიერი კანდიდატი წარმოადგინეს. ჩვენთვის არის პრიორიტეტი, რომ ომბუდსმენის კანდიდატურაზე იყოს თანხმობა სამოქალაქო სექტორსა და პარლამენტს შორის, ვინაიდან მომავალმა ომბუდსმენმა მჭიდროდ უნდა ითანაშრომლოს არასამთავრობო სექტორთან, უფლებადამცველ ორგანზიაციებთან. დღეს ვეცდებით, რომ ჩვენი პოზიციები ჩამოვაყალიბოთ კანდიდატებთან დაკავშირებით. შესაძლოა, დამატებითი კონსულტაციები გახდეს საჭირო უმრავლესობის ფარგლებში, თუმცა, დათქმულ ვადებში ჩვენ აუცილებლად დავამტკიცებთ ახალ ომბუდსმენს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
არასამთავრობო სექტორი პარლამენტს ომბუდსმენის პოსტზე ასარჩევად ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძისა და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურებს სთავაზობს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პირადად მისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის დასახელება, თუმცა ეს საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტია.