ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის შესახებ ანგარიშები მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის შესახებ ანგარიშები მოისმინა

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კუთხით განხორციელებული საქმიანობის შესახებ შესაბამისი უწყებების ანგარიშები მოისმინა.

გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ნინო წილოსანმა საბჭოს საქმიანობაზე, სამოქმედო გეგმასა და მისი განხორციელების ეტაპებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი თავისი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში მონიტორინგს უწევს გენდერულ ჭრილში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების გზებს და აკვირდება, თუ რა მიმართულებებითაა საჭირო მეტი ძალისხმევა ახალი კანონების ეფექტიანი აღსრულებისთვის.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარემ, გოჩა ლორთქიფანიძემ კომისიის მიერ განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები გააცნო კომიტეტის წევრებს. მისი ინფორმაციით, უწყებათაშორისი კომისია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სხვა სააგენტოების ადვოკატირებითა და ტექნიკური მხარდაჭერით შეიქმნა.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნული მიმართულებით გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელზეც სამინისტრო მუშაობს ქალთა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიზნით. ამ მიმართულებებს შორის მან დაასახელა: პრევენცია, მყისიერი რეაგირება, კვალიფიკაციის ამაღლება და პარტნიორ უწყებებთან კოორდინაციის გაუმჯობესება.

ანგარიში წარმოადგინა, ასევე, სქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა, სალომე შენგელიამ, რომელმაც ყურადღება არსებული სიტუაციის ანალიზზე გაამახვილა. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობაზე ისაუბრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, თამარ ბარკალაიამ. მან სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ გაამახვილა ყურადღება.

ანგარიშების მოსმენის შემდეგ სხდომა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. მოსაზრებები გამოთქვეს დეპუტატებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა.

„ქრისტიანობა გამორიცხავს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობას", - განაცხადა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ. ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, მანანა ანდრიაძემ რელიგიურ წყაროებში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ არსებულ მინიშნებებზე გაამახვილა ყურადღება

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, ანგარიშებში რამდენიმე მიმართულება გამოიკვეთა. მან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში რელიგიური კონფესიების როლზეც ისაუბრა. „მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ დაიწყო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ღონისძიებების გატარება, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, რაშიც სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად დიდი წვლილი ჩვენს დონორ ორგანიზაციებს მიუძღვით", - განაცხადა სოფო კილაძემ.