გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლებს საცხოვრებელ კორპუსში შესვლის შესაძლებლობა აღდგენითი სამუშაოების შემდეგ ექნებათ

გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლებს საცხოვრებელ კორპუსში შესვლის შესაძლებლობა აღდგენითი სამუშაოების შემდეგ ექნებათ

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლებს საკუთარ საცხოვრებელ  სახლებში შესვლის შესაძლებლობა საგამოძიებო მოქმედებებისა და აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ექნებათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„როგორც კი საგამოძიებო სამუშაოები დასრულდება, მაშინვე შევდივართ და ვიწყებთ აღდგენით სამუშაოებს, მაგრამ იქამდე ველოდებით საგამოძიებო ჯგუფის გამოსვლას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, იმ საცხოვრებელი კორპუსის აღდგენის საკითხს, სადაც სპეციალური ოპერაცია ჩატარდა, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული მუნიციპალური  ლაბორატორია შეისწავლის.

„ამის შემდეგ გვექნება სრული სურათი, დაექვემდებარება თუ არა სახლი აღდგენას. თუ დაექვემდებარება, შესაბამის სამუშაოებს დავიწყებთ. თუ იქნება გარკვეული პრობლემები და აღდგენითი სამუშაოების ჩატარება  შეუძლებელი გახდება, რა თქმა უნდა, არ განვახორციელებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.