ევროკავშირი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და არჩევანს კვლავ აღიარებს

ევროკავშირი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და არჩევანს კვლავ აღიარებს

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე მიღებული დეკლარაციით, სამიტის მონაწილეები პარტნიორი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს და არჩევანს აღიარებენ. ბრიუსელში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე მიღებულ საერთო დეკლარაციაში ნათქვამია, რომ სამიტის მონაწილეები აღიარებენ პარტნიორი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს გაწერილია ასოცირების ხელშეკრულებაში. „ხელშეკრულებები ითვალისწინებს პოლიტიკური ასოცირების დაჩქარებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირთან. სამიტის მონაწილეები მიესალმებიან ევროკავშირის მხარდაჭერას მათ განხორციელებაში. სამიტის მონაწილეები მიესალმებიან თავისუფალი სავიზო რეჟიმის განხორციელებას მოლდოვასთან, საქართველოსთან და უკრაინასთან. ისინი მოელიან თანამშრომლობის გაძლიერებას და შემდგომ წინსვლას მობილურობის სფეროში. სამიტის მონაწილეები ღრმად აღშფოთებულნი არიან საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით რეგიონის უამრავ ნაწილში და მიესალმებიან ევროკავშირის გაზრდილ როლს კონფლიქტების გადაწყვეტაში და ნდობის ჩამოყალიბებაში არსებული და შეთანხმებული ფორმატების ფარგლებში“, - ნათქვამია დეკლარაციაში.