ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს, ილიანა დერილოვას და პროგრამების ადგილობრივ ხელმძღვანელს, ნათია კვიციანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში შრომითი მიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების საკითხები, საქართველოდან შრომითი მიგრაციის რისკები და იმსჯელეს შრომითი მიგრაციის როლზე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ყურადღება გამახვილდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს ოფისის პროექტის - „საქართველოს სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება პოლონეთსა და ესტონეთში" - მიმდინარეობასა და შედეგებზე.
ილიანა დერილოვამ აღნიშნა, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს თავმჯდომარედ არჩევა, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების აღიარების კიდევ ერთი დასტურია.
შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მდგრადი განვითარების საქმეში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ჩართულობის და შესაბამისი მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია კომიტეტში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე, რომლის მიზანია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სამართლებრივი სტატუსისა და საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების რეესტრის რეფორმირება, განახლება და განვითარება.
მხარეები შეთანხმდნენ მომავალში აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, კერძოდ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე, 2018 წლის სამუშაო გეგმის შემუშავებასა და მიგრანტთა საერთაშორისო დღის ფარგლებში ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებაზე.