რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე 2017 წლის კორექტირებული ბიუჯეტის მაჩვენებელებს გაეცნენ. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს მიმდინარე წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის ცვლილებებზე ინფორმაცია მიაწოდა და იმ დარგებზე ისაუბრა, რომლებზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსება მიიმართება.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა და საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებული შესრულება დაფიქსირდა. კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმიური მაჩვენებელი 200 მლნ, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებლები 160 მლნ. ლარით იზრდება. მისივე განცხადებით, დამატებით გამოყოფილი რესურსი იმ პროექტების დაფინანსებას მოხმარდება, რომელთა განხორციელება 2018 წლისთვის იგეგმება, შესაბამისად აღნიშნული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხები მომავალი წლის ბიუჯეტიდან გათავისუფლდება. „წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 305 მლნ. ლარით იზრდება , რაც საშუალებას გვაძლევს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში სამინისტროებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები 108 მლნ. ლარით შემცირდეს და აღნიშნული თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში სხვადასხვა პროექტებზე გადანაწილდეს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. გიორგი კაკაურიძემ იმ სახელმწიფო უწყებები ჩამოთვალა, რომლებიც დამატებით ასიგნებებს მიიღებენ, კერძოდ 106 მლნ. ლარით იზრდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, დამატებით 65 -65 მლნ. ლარი მიიმართება სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის სამინისტროებისთვის, 15 მლნ. ემატება დევნილთა და განსახლების სამინისტროს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 5 მლნ. ლარით გაიზრდება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა კომიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსების გაზრდაზე ისაუბრეს და უწყებისთვის დამატებით გამოყოფილ 30 მლნ. ლარის განკარგვაზე დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს. მათი განცხადებით, 16 მლნ. ლარი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციას, 9 მლნ. ლარი მყარი ნარჩენების პროექტის თანადაფინანსებას და 5 მლნ. ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის მიიმართება, შესაბამისად აღნიშნული თანხები მომავალი წლის ასიგნებებიდან ამოვა.
კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სახეზეა დადებითი ტენდენცია, რაც წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. მისივე განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჭარბი შემოსავლების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტი იცვლება.
კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" კანონპროექტზეც იმსჯელეს. საკითხის ინიციატორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახაბერ კუჭავას განცხადებით, ცვლილებები მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას უბილეთოდ მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმის გაზრდას და მისი გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული საურავის შემცირებას შეეხება. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებებით, 5 ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება, ხოლო 50 ლარიანი საურავი, დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით - 40 ლარით განისაზღვრება. საკითხთან დაკავშირებით კომიტეტში მსჯელობა გაიმართა. კომიტეტის წევრები უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმის გაზრდის პრინციპს, ზოგადად დაეთანხმნენ, თუმცა მის ოდენობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გამოითქვა. აღინიშნა, რომ პირველივე შემთხვევაში ჯარიმის 300% გაზრდა კომიტეტის წევრთა უმრავლესობისთვის მიუღებელ ნორმას წარმოადგენს და გაზრდილი ოდენობით მგზავრების დაჯარიმება მხოლოდ განმეორებით შემთხვევებშია მიზანშეწონილი. ჯარიმის შემოთავაზებული ოდენობის გადახედვას კომიტეტის თავმჯდომარეც დაეთანხმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები პრინციპების დონეზე მისაღებია, გაზრდილი ჯარიმის ოდენობა კორექტირებას მოითხოვს. „ყველამ უნდა ვისწავლოთ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გადანაწილება და გადასახადების გადახდა. ქალაქს საზოგადოებრივი ტრანსპორტის შენახვა 40 მლნ. ლარი უჯდება და ყველა მგზავრი აუცილებელია სამგზავრო გადასახადი - 50 თეთრი გადაიხადოს, რათა კიდევ უფრო განვითარდეს მუნიციპალური ტრანსპორტი და მისი მოვლა-შენახვისთვის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფა არ დაგვჭირდეს", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. კანონპროექტზე მსჯელობის დასასრულს, კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა საკითხის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირა.