„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს სალაპარაკო, იგონებენ რაღაცას და ღია კარს ამტვრევენ

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს სალაპარაკო, იგონებენ რაღაცას და ღია კარს ამტვრევენ

ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ აგრძელებს პოპულისტობის კასკადს“, – ასეთი კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის მიერ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განცხადებებზე.

ზარქუას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებული ხუთი შეთავაზებიდან ნაწილი წლებია უკვე მოქმედებს, ნაწილი კი შესულია და ასახულია თბილისის მერიის მიერ შემოტანილ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრები საუბრობენ ვაუჩერიზაციაზე 150 ლარის ფარგლებში. დედაქალაქის ბიუჯეტში უკვე წლებია მოქმედებს, ფაქტობრივი მონაცემებით 5 თვის განმავლობაში, ჩვენს თანამოქალაქეებს უნაზღაურდებათ კომუნალური გადასახადები. აქ საუბარია 200 ათას ქულის მქონე ოჯახებზე. ეს მნიშვნელოვანი პროექტია და ამით ჩვენ გარკვეული კონტრიბუცია შეგვაქვს ჩვენი თანამოქალაქეების კომფორტული ცხოვრებისთვის“, – განაცხადა ზარქუამ.

უმრავლესობის წევრმა ასევე ისაუბრა პენსიონერებისთვის 200 ლარიანი წამლის ვაუჩერის შეთავაზებაზე და განაცხადა, რომ მათ აქვთ არაერთი პროგრამა, რომლებიც მუნიციპალურ და საყოველთაო დონეზე მოქმედებს და პენსიონერებისთვის მედიკამენტებს ითვალისწინებს.

„სტუდენტები და პენსიონერები კი მგზავრობისთვის იხდიან სიმბოლურ ფასს - 20 თეთრს. თუ საათნახევრის განმავლობაში კიდევ ისარგებლებენ ავტობუსითა და მეტროთი, უფასოა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს არგუმენტები და სალაპარაკო. იგონებენ რაღაცას და ღია კარს ამტვრევენ“, – განაცხადა ზარქუამ.

მისივე თქმით, რაც შეეხება მერიაში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას და ხელფასებს, მერიაში იმუშვებს იმდენი ადამიანი, რამდენიც საჭიროა.

”ყოველწლიურად შრომითი ანაზღაურება მცირდება. კერძოდ, 2016 წელს ხელფასებისთვის გამოყოფილი იყო 95 მლნ ლარი, 2017 წელს – 88 მლნ, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით ხელფასების ბიუჯეტის ოდენობა 83 მლნ ლარია”- აღნიშნა ზარქუამ.

მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტზე რეკომენდაციები ყველა კომისიამ და ფრაქციამ უკვე შეიტანა, დღევანდელ ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე მოხდება აღნიშნული პროექტის შესწორებებით მერიისთვის გადაგზავნა. მერიამ კი საკრებულოს შენიშვნებით, რეკომენდაციებით, გათვალისწინებული 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი10 დეკემბრამდე საკრებულოს უკან უნდა დაუბრუნოს, რის შემდეგაც იგი წლის ბოლომდე დამტკიცდება.