ისინი ძალიან საშიში ხალხია, ამიტომ სპეცოპერაცია ტერორიზმთან ბრძოლაში მაინც გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს

ისინი ძალიან საშიში ხალხია, ამიტომ სპეცოპერაცია ტერორიზმთან ბრძოლაში მაინც გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს

სამართალდამცველებს რეკომენდაციას მივცემდი, რაც შეიძლება სწრაფად გამოაქვეყნონ ინფორმაცია, რადგან ვისაც უნდა გაეგო, მას გაგებული აქვს და თუ მათი გაბრაზება არ უნდათ, ეს შედეგი არანაირად არ არის მიღწეული, - ამის შესახებ საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერიან ხაბურძანიამ განაცხადა.

21-22 ნოემბერს გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციაზე საუბრისას ხაბურძანიამ განსაკუთრებით აღნიშნა სპეციალური დანიშნულების რაზმის მოქმედება.

„ეს ბიჭები მიდიან სიკვდილზე, ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა კიდეც. მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულის ოჯახს და მთლიანად საქართველოს. კონკრეტულ შეცდომებზე, გადაცდომებზე საუბარი ძალიან გვიანია. ის, რომ ოპერაცია დიდხანს გაიწელა, უნდა ვიცოდეთ კონკრეტიკა, რატომ მოხდა ეს. ამიტომ ვიდრე სხვა დეტალები არ გვეცოდინება, ძალიან ძნელია შეფასება. თავისთავად იმას, რომ საბოლოო ჯამში ასე დასრულდა ოპერაცია, მე მაინც დადებითად შევაფასებდი... იმიტომ რომ, მე ვიცნობ ამ ადამიანებს, მქონდა მათთან ოპერატიული შეხება და ვსაქმიანობდი სწორედ იმ მიმართულებით, რასაც ტერორიზმთან ბრძოლა ჰქვია და ისინი ძალიან საშიში ხალხია, ამიტომ ეს შემთხვევა მაინც გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს ტერორიზმთან ბრძოლაში“, - განაცხადა ვალერიან ხაბურძანიამ.