„ალ-ჯაზირა“: იმის გამო, რომ საქართველოს ოფიციალური პირები მოკლული და დაკავებული ტერორისტების იდენტიფიცირებას არ ახდენენ, ამ თემით სპეკულირება ხდება

„ალ-ჯაზირა“: იმის გამო, რომ საქართველოს ოფიციალური პირები მოკლული და დაკავებული ტერორისტების იდენტიფიცირებას არ ახდენენ, ამ თემით სპეკულირება ხდება

საქართველოში ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“ ეხმაურება. როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, იმის გამო, რომ საქართველოს ოფიციალური პირები მოკლული და დაკავებული ტერორისტების იდენტიფიცირებას არ ახდენენ, ამ თემით სპეკულირება სულ უფრო შესამჩნევი ხდება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ეროვნებას ან მოქალაქეობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დადასტურებული ინფორმაციის სიმწირემ ინციდენტის გარშემო სპეკულაცია შექმნა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ბინა, სადაც დამნაშავეები ცხოვრობდნენ, ეთნიკურ ჩეჩენს ეკუთვნოდა, ამან კი წარმოშვა ეჭვები, რომ დამნაშავეები ჩეჩნეთთან არიან დაკავშირებულები“, - წერს „ალ-ჯაზირა“.

ტელეკომპანია დაუკავშირდა პანკისის ხეობის მცხოვრებს, სულხან ბორძიკაშვილსაც, რომელმაც განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ არაფერია ცნობილი.

„ჩვენ არაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ რა მოხდა იმ დღეს. უცნობია, ვინ იყვნენ დამნაშავეები, მაგრამ ინციდენტი ძალიან უხეშად დაუკავშირეს პანკისის ხეობას. ახლა რომ გამოძიებამ სრულიად საპირისპირო დაადგინოს, პანკისის ხეობის შესახებ საზოგადოებრივი აზრი მაინც უარყოფითი დარჩება. სოციალურ ქსელებში ხალხმა ეთნიკურ ჩეჩნებზე თავდასხმა დაიწყო“, - განაცხადა სულხან ბორძიკაშვილმა ტელეკომპანიასთან საუბარში.