პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ გასული ორი წლის განმავლობაში საქართველო-ევროკავშირის დაახლოების პროცესი განსაკუთრებით აქტიური და შედეგიანი აღმოჩნდა. ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება პოზიტიურად აისახა როგორც მთლიანად საქართველოზე, ასევე ჩვენს მოსახლეობაზე. 2014 წლიდან ჩვენ წარმატებით ვასრულებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას, რომელიც ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ასეთი თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკით, საქართველო გახდა ლიდერი ქვეყანა რეგიონში, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით, რაშიც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ევროკავშირის ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას. ასევე, მივესალმები 2 დღის წინ მიღებულ ასოცირების ახალ დღის წესრიგს, რომელიც სრულად ასახავს ჩვენი ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებს და გვაძლევს ახალ შესაძლებლობებს, რომ საქართველო დავაბრუნოთ თავის ევროპულ ოჯახში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტის წინა პერიოდში საქართველომ მიიღო მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპელი პარტნიორებისგან. ამ კუთხით, გამოვყოფდი ევროკომისიის ანგარიშს და ბალტიის ასამბლეისა და ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სადაც დადებითად აისახა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები და დაფიქსირდა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ მკაფიო მხარდაჭერა. გვაქვს მოლოდინი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ხვალინდელ სამიტზე, საქართველო მიიღებს ახალ შესაძლებლობებს და ინტეგრაციის ახალ პრაქტიკულ მექანიზმებს, რომელიც ერთის მხრივ გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას, ინსტიტუტებს, საზოგადოებას და კავშირებს, ხოლო მეორეს მხრივ ეს პროცესი მეტად აისახება ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და მათ კეთილდღეობაზე.