აშშ-ის ელჩი მოსკოვის მიერ ამერიკული პრესის შეზღუდვის მცდელობას აკრიტიკებს

აშშ-ის ელჩი მოსკოვის მიერ ამერიკული პრესის შეზღუდვის მცდელობას აკრიტიკებს

აშშ-ის ელჩი რუსეთში ჯონ ჰანტსმენი მოსკოვის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომელიც რუსეთში მოქმედ აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ცხრა მედიასაშუალებას "უცხოეთის აგენტად" რეგისტრაციას ავალდებულებს.

„ამერიკის ხმის“ ქართული სამსახურის ინფორმაციით, ელჩმა ჯონ ჰანტსმენმა მოსკოვში, "ამერიკის ხმის" და "რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების" ბიუროები მოინახულა და აღნიშნა, რომ მოსკოვის რეაქცია "არ არის თანაზომიერი" ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე "უცხო ქვეყნის აგენტის" რანგში დაარეგისტრიროს რუსული მედია კომპანიები "სპუტნიკი" და RT. მისი თქმით, თუ მოსკოვის ეს გადაწყვეტილება გატარდა, აღნიშნულ ამერიკულ საინფორმაციო საშუალებებს რუსეთში "ფაქტობრივად არ ექნებათ ფუნქციონირების საშუალება“. ელჩის განცხადებით, ამერიკაში რვა ათწლეულის მანძილზე მოქმედი კანონი (FARA), რომლის მიხედვითაც ამ ორი რუსული კომპანიის რეგისტრაცია მოხდა უცხო ქვეყნის აგენტად, გამჭვირვალობის წახალისების მცდელობაა და ის არ ზღუდავს რუსულ მედიას აშშ-ში მაუწყებლობა აწარმოოს.

"რუსეთის გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ რუსული მედიასაშუალებების რეგისტრაციის თანაზომიერი არ არის. შეერთებული შტატები ყურადღებით გაადევნებს თვალს დუმაში და სხვაგან ამ კანონის ჩამოყალიბების პროცესს. თავისუფალი მედიის პრინციპები დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა ჯონ ჰანტსმენმა.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ გასულ კვირას 2012 წლის კანონში შესწორებები შეიტანა, რომელთა მიხედვით ზეწოლის ქვეშ ექცევა არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, უცხოური მედია. ამ კომპანიებს რუსეთში რეგულარულად მოუხდებათ იმის დაფიქსირება, რომ "უცხოეთის აგენტები" არიან, დაფინანსების რა წყაროები ან სამაუწყებლო მიზნები აქვთ.