”განვითარების და დემოკრატიის ცენტრის” (CDD-ს) ინიციატივითა და ორგანიზებით, 24 – 29 ნოემბერის ჩათვლით, ვაშინგტონს საქართველოდან მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ეწვევიან.
”განვითარების და დემოკრატიის ცენტრის” ინფორმაციით, ვიზიტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესია და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში, 28 ნოემბერს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მთავარი თემები იქნება: რელიგიის როლი დემოკრატიაში და ანტიდასავლური პროპაგანდა; კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ რელიგიური ლიდერები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში, სასულიერო პირები შეხვდებიან სამოქალაქო სექტორის, აკადემიური წრეების, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენებს. მათ შორის: სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში, შერონ ჰადსონ დინს; NED-ის (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის) პრეზიდენტს, კარლ გერშმანს; სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს ევროპაში, სამხრეთ და ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და შრომის განხრით, ტომას მელიას; საქართველოში აშშ-ს ყოფილ ელჩს რიჩარდ მაილსს; საზღვაო ქვეითების მთავარ კაპელანს, ვიცე-ადმირალ ბრენთ სკოტს; აშშ-ში საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძეს და სხვა.
დელეგაცია ეწვევა თეთრ სახლს, კონგრესის ბიბლიოთეკასა და მოინახულებს იქ დაცულ ქართულ არქივს, შეხვდებიან ქართველი დიასპორის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ს კონგრესმენებთან.
პროექტს CDD-ი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შემსწავლელი ვიზიტისა და საერთაშორისო ინტერ-რელიგიური კონფერენციის მხარდამჭერები არიან: NED-ი (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის), აშშ-ში საქართველოს საელჩოსო, საქართველოში აშშ-ის საელჩო, ევროპულ და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტი, თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, რუსთველი მიტროპოლიტი იოანე, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, ბორჯომისა და ბაკურიანის ესპისკოპოსი ლაზარე, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა და სხვები.
მუსლიმთა თემი დელეგაციაში შედიან: სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი; სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, მუფთი ჰაჯი ბეგლარ ქამაშიძე.
ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის დელეგაცია არიან: ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია - საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსი, ვაზგენ მირზახანიანი.
სასულიერო პირებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან ევროპულ და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის , ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენლები.