ზურაბ აგლაძე: შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, სპეცსამსახურებმა ეფექტურად იმუშავეს

ზურაბ აგლაძე: შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, სპეცსამსახურებმა ეფექტურად იმუშავეს

ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რაზეც პასუხები ჯერ არ გაცემულა - ვინ იყვნენ ეს ადამიანები? რა მიზნით შემოვიდნენ საქართველოში? ხომ არ აპირებდნენ ტერორისტული აქტის განხორციელებას საქართველოში? საქართველო იყო თუ არა მათთვის ტრანზიტული ქვეყანა? - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა ზურაბ აგლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კითხვა არსებობს, სპეცოპერაციის ჩატარებიდან მხოლოდ ორი დღეა გასული და სავარაუდოდ, კიდევ საკმაო დრო იქნება საჭირო, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

სპეცოპერაციის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კრიტიკას ზურაბ აგლაძე გადაჭარბებულს უწოდებს. მისი განმარტებით, ხანდახან, ვითარებიდან გამომდინარე, სპეცოპერაციები რამდენიმე დღეც გრძელდება. 

„არა მხოლოდ 22 საათს, არამედ 36, 72 და 96 საათსაც შეიძლება გაგრძელდეს, რადგან არსებობს მოლაპარაკების სტრატეგია, ფსიქოლოგიური ზემოქმედების მომენტიც. ამ შემთხვევაში მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხი იდგა. შესაძლოა, სპეცოპერაცია სხვა დროს და სხვა აგილზე იყო დაგეგმილი და გარემოებების შეცვლიდან გამომდინარე, კორპუსში დაიწყო ოპერაცია. 

მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედია მოხდა და ერთი სამართალდამცველი დავკარგეთ, საბედნიეროდ დანაკარგი არ არის მშვიდობიან მოსახლეობაში და გარდა ამისა, მიზანი მიღწეულია - ეს ჯგუფი ლიკვიდირებულია. შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, სპეცსამსახურებმა და სამართალდამცველებმა ეფექტურად იმუშავეს“, - განაცხადა ზურაბ აგლაძემ.